თბილისი, 25 ივნისი-Sputnik. თბილისში, შატილის ქუჩაზე, ოთხი ადამიანი დანითაა დაჭრილი, იტყობინება ტელეკომპანია რუსთავი 2.
ინციდენტი მოხდა აღმოსავლეთევროპული უნივერსიტეტის ეზოში. ჩხუბი გულშემატკივრებსა და სპორტსმენებს შორის, ატყდა დარბაზში, სადაც შეჯიბრი მიმდინარეობდა და შეხლა-შემოხლა ეზოშიც გაგრძელდა, სადაც ოთხი ახალგაზრდა დაიჭრა.
„შენობაში ვიყავი. ჩხუბი ეზოში ატყდა, მერე დარბაზში ხალხის ტალღა შემოვარდა, ვიღაცეები გარეთ გაიქცენ. დანით დაჭრეს. როგორც ვიცი ერთს საძილე არტერია აქვს გადაჭრილი და „სასწრაფომ“ წაიყვანა“- უთხრა თვითმხილველმა ტელეკომპანიის ჟურნალისტს.
ინციდენტში ჩაერია უნივერსიტეტის დაცვის თანმშრომელიც, რომელმაც ჰაერში გასროლით ბრბო დაშალა.
ტელეკომპანიის მონაცემებით დაჭრილთაგან ორი სპორტსმენია, ორიც გულშემატკივარი. დაზარალებულები ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია „ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების“ მუხლით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3-დან 5 წლამდე.