თბილისი, 24 ივნისი-Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და ქართველი მეწარმეები 29 ივნისს ერევანს ესტუმრებიან, იტყობინება Sputnik სომხეთი, საინფორმაციო სააგენტო „Первый“-ზე დაყრდნობით.
ვიზიტი დაიგეგმა სომხეთისა და საქართველოს პრემიერ მინისტრების კარენ კარაპეტიანისა და გიორგი კვირიკაშვილის შეთანხმებით.
ერევანში გაიმართება სომხურ-ქართული ბიზნესფორუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ორივე ქვეყნის მინისტრები და მეწარმეები. ორმხრივი შეხვედრისას მხარეები განიხილავენ მშენებლობის, ჯანდაცვის, ტურიზმისა და თავისუფალი სავაჭრო ზონის საკითხებს.
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარეს 1992 წლის ივლისში. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.
24 წლიანი დიპურთიერთობის მანძილზე საქართველომ და სომხეთმა ერთმანეთში საერთაშორისო ხასიათის 88 დოკუმენტი გააფორმეს, ვაჭრობის, მეწარმეთა უფლებების დაცვის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლისა და სხვა სფეროებში.