თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საზეიმო ვითარებაში გახსნა უალკოჰოლო სასმელების საწარმო სოფელ ნაბეღლავში, იუწყება პრემიერის პრესსამსახური.
„სასიხარულოა, რომ საუბარია არა მხოლოდ ერთ საწარმოზე, არამედ მთელ კომპლექსზე — უკვე გაშენებულია 70 ჰექტარზე მეტი თანამედროვე სტანდარტის ხილის ბაღები, რომლის ფართობის 500 ჰექტრამდე გაზრდა იგეგმება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანია ორიენტირებული იქნება ადგილობრივი ნედლეულის გამოყენებაზე“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
ამასთან, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ქარხნის პროდუქცია ექსპორტზე Rauch-ის ბრენდით გავა.
"მნიშვნელოვანია, რომ ისეთი გიგანტი, ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიის ბრენდის ქვეშ, როგორიცაა კომპანია "რაუხი", ქართული პროდუქცია გაიყიდება არაერთ საექსპორტო ბაზარზე“, — აღნიშნა მან.
ქარხანა საათში 80 ათასი ლიტრი წარმადობით იმუშავებს, რაც საქართველოსთვის ძალიან დიდი მოცულობაა. აღნიშნა კომპანიის დირექტორმა მიხეილ სვიმონიშვილმა.
კომპანია „წყალი მარგებელი მანამდე მხოლოდ მინერალურ წყალ „ნაბეღლავსა“ და „ბახმაროს“ ასხამდა. ახალი საწარმოს გახსნის შემდეგ კი მის ასორტიმენტში გაჩნდება წვენები, ლიმონათები, ცივი ჩაი და სხვა უალკოჰოლო სასმელები, რომლებიც ქართულ ნედლეულზე დამზადდება.
Rauch — ეს ავსტრიაში ხილის ნატურალური წვენების ყველაზე პოპულარული მარკაა, რომელიც წარმატებით უმკლავდება ბაზარზე კონკურენციას.