მოსაზრება, რომლის თანახმადაც, მონარქია ქვეყანაში სიმშვიდეს შემოიტანს, რეალობას არ ეფუძნება, მიაჩნია პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს.
„ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საქართველოში აბსოლუტური მონარქია იყო, ქართველების გარკვეული წრე, ელიტა პერიოდულად ებრძოდა მეფეს, ამიტომაც მოლოდინი, რომ თუ მონარქი გაჩნდება, მის მიმართ უპირობო პატივისცემის გრძნობით იქნება განმსჭვალული ყველა, ცოტა გადაჭარბებული მგონია. არანაირი სხვა პლუსი, გარდა ამ პატივისცემის მომენტისა, მონარქიის ინსტიტუტის შემოღებას ფაქტობრივად არ აქვს“, — განუცხადა რამაზ საყვარელიძემ „Sputnik საქართველოს“.
პოლიტოლოგის თქმით, მონარქის ინსტიტუტი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მხოლოდ ერთი ადამიანის შემოსვლას არ გულისხმობს. მონარქს სამეფო კარი და წარჩინებულთა წრე სჭირდება. აი, ამ ელიტის შექმნა კი გაცილებით დიდ თანხებს მოითხოვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. შემდეგ კი შეიძლება ეს მონარქი თავისი თავად-აზნაურებით კონსტიტუციურ მონარქიასაც არ დასჯერდეს და გავლენის გაძლიერება მოისურვოს.
„ინგლისელები გაცილებით დიდ პატივს სცემენ დედოფალს, მაგრამ იქაც კი დადგა საკითხი, რომ სამეფო კარის შენახვა ინგლისის ბიუჯეტისთვის დიდი ტვირთია. თუ ეს ასეა, ადვილი წარმოსადგენია, ჩვენთვის რამხელა ტვირთი შეიძლება გახდეს“, — აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
პოლიტოლოგის აზრით, ამასთან ერთად ისიც შესაძლებელია, რომ სიმშვიდის ნაცვლად დაპირისპირების ახალი რგოლი მივიღოთ.
„რაც მთავარია, მონარქი თუ არ აღმოჩნდა სიმშვიდის მომტანი და ქეყანაში დაპირისპირებები გააძლიერა, ვერც ვერაფერს ვიზამთ, ის იმეფებს ვადის გასვლამდე, შემდეგ კი მისი შთამომავალი გამეფდება. ასეთი გამოუვალი მდგომარეობა რომ არსებობდა მონარქიის ინსტიტუტის მიმართ, ამიტომ მოხდა რევოლუციები და ეს წყობა დემოკრატიული წყობით შეიცვალა. ჩვენ თუ გავაცნობიერებთ ამ სირთულეებს, მაშინ არ გვექნება სურვილი, რომ ქართულ პოლიტიკაში მონარქის თემა გახდეს წამყვანი“, — აღნიშნა საყვარელიძემ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის განცხადებით, ქართული საზოგადოება უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ საქართველო ერთ-ერთი უძველესი მონარქიაა და მმართველობის ამ ფორმას ქვეყნისთვის მშვიდობა მოაქვს. მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ აპირებს განიხილოს საქართველოს პატრიარქის ინიციატივა ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქიის შემოღების შესახებ. ამ პოზიციას არ იზიარებს ოპოზიციის ნაწილი.
ნატა პატარაია