თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ბოლო დღეებში საქართველოში ბენზინსა და დიზელზე ფასებმა ისევ დაიკლო, რაც საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების შემცირებით არის გამოწვეული, განუცხადა "Sputnik-საქართველოს" ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა.
მიუხედავად „შავი ოქროს" მოპოვების შესამცირებლად OPEC-ის ქვეყნების მიერ განხორციელებული ძალისხმევისა, 2017 წლის დასაწყისიდან ნავთობის ღირებულება 20%-ით დაეცა. მიმდინარე კვირაში ნავთობის ფასების ორი მკვეთრი ვარდნა მოხდა, როდესაც Brent-ის და WTI-ს მარკის ნავთობი იაფდებოდა 3%-ზე უფრო მეტად, რაც ნედლეულის სიჭარბის გამო ტრეიდერების შეშფოთებით იყო გამოწვეული.
„საერთაშორისო ბაზრებზე საწვავზე ფასების შემცირების ტენდენცია, ბუნებრივია, საქართველოში არსებულ ფასებზეც აისახება, უბრალოდ დროში არ ემთხვევა იმის გამო, რომ ჩვენ იმპორტიორი ქვეყანა ვართ, და არა მწარმოებელი", — აღნიშნა მთვრალაშვილმა.
მისი თქმით, ეს პარალელურ რეჟიმში ფასების შემცირებას უშლის ხელს და საქართველოს შიდა ბაზარზე ორ-სამ კვირაში აისახება.
„ბოლო ორ-სამ დღეში ერთი ლიტრის ფასი 5-7 თეთრით შემცირდა, ხოლო ბოლო ორ თვეში ფასები საშუალოდ 15 თეთრით შემცირდა", — განაცხადა მან.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ თუ საერთაშორისო ბაზრებზე ასეთი მდგომარეობა შენარჩუნდება და ლარი დოლარის მიმართ გამყარებას გააგრძელებს, ფასების შემცირების ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.
ამჟამად ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის ფასებია:
ბენზინი სუპერი — 2,29-2,41 ლარი
პრემიუმი – 2,19-2,28 ლარი
რეგულარი – 1,99-2,10 ლარი
ევრო დიზელი – 1,94-2,20 ლარი
დიზელი — 1,99-2,02 ლარი