თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ კანიბალიზმის გახმაურებული საქმის მთავარი ბრალდებული ბექა შენგელია კანიბალიზმის ნაწილში გაამართლა, თუმცა დანარჩენი ბრალდებებით მას უვადო პატიმრობა შეუფარდა, ხოლო მოკლული ქალის ქალიშვილს ირმა ყოჩიაშვილს — 20 წლის პატიმრობა, ნათქვამია სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
კანიბალიზმის საქმე 2016 წლის ყველაზე ხმაურიანი საქმე გახდა. 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილი თავისივე ბინაში ელექტროშოკერით გათიშეს, შემდეგ გაგუდეს და დანა დაარტყეს. მისი ცხედარი დიდი ჩანთით ბექა შენგელიას ბინაში გადაიტანეს, დაანაწევრეს, შემდეგ თბილისის გარეუბანში მდებარე ნაგავსაყრელზე მიიტანეს და დაწვეს. გამოძიების წინასწარი ვერსიით, ეს იყო რიტუალური მკვლელობა, კანიბალიზმის ნიშნებით.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულების ირმა ყ.-სა და ბექა შ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. ლუბა ყ.-ს მკვლელობისათვის ირმა ყ.-ს 20 წლით, ხოლო ბექა შ.-ს უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა", — ნათქვამია განცხადებაში.
ირმა (მარიამ) ყოჩიაშვილს ბრალი წარედგინა სსკ-ის 111-ე და 109-ე მუხლით („პირთა ჯგუფის მიერ განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა"), ბექა შენგელიას ბრალი წარდგენილი აქვთ სსკ-ის 109-ე მუხლით „განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, მსხვერპლის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვის ან სხვაგვარად გამოყენების მიზნით".
„სასამართლომ დახურულ სხდომაზე მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით მიიჩნია, რომ ბექა შ.-ს მიმართ არ დადასტურდა მსხვერპლის სხეულის ორგანოს სხვაგვარად გამოყენების მიზნით წარდგენილი ბრალდება, ამდენად ბრალდების ამ ნაწილში ბრალდებული უდანაშაულოდ იქნა ცნობილი", — აღნიშნულია განცხადებაში.
ლუბა ყოჩიაშვილის სასტიკი მკვლელობის საქმის გახსნის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2016 წლის 4 ნოემბერს განაცხადა. სამი ადამიანი— 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ბექა შენგელია, 17 წლის გოგონა და გარდაცვლილის 19 წლის ქალიშვილი ირმა (მარიამ) ყოჩიაშვილი მკვლელობისთვის დააკავეს, ხოლო დათა კვარაცხელია და ავთანდილ ამირანაშვილი — დანაშაულის დაფარვის გამო.
დანარჩენი დაკავებული პირების მიმართ განაჩენი მოგვიანებით გახდება ცნობილი.