თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. თბილისის პოლიციის თანამშრომლებმა ავტომანქანის გაქურდვის ბრალდებით 1999 და 2002 წლებში დაბადებული ორი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე, მოქალაქეს კუთვნილი ავტომანქანის სალონიდან 60 000 აშშ დოლარი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს, ხოლო ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის სარდაფიდან, მოპარული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.
ორივე დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.