თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. თბილისში ჩეხეთის პირველი პრეზიდენტის და ცნობილი დრამატურგის ვაცლავ ჰაველის ძეგლი გაიხსნა, ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი მარტინ სტროპნიცკი.
საქართველოში ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ტომაშ პერნიცკიმ ქართულ მხარეს ძეგლის გახსნისთვის მადლობა გადაუხადა.
„თბილისში სპეციალურად ჩამოვფრინდი, რომ ვაცლავ ჰაველის ძეგლთან ვიდგე. სამწუხაროდ, ჩვენთან პრაღაში ასეთი ძეგლი არ არის. მოხარული ვარ, რომ ამ ქალაქში ის არის — მის გვერდით დგომა შემიძლია და ეს ჩემთვის დიდი პატივია", — განაცხადა ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა მარტინ სტროპნიცკიმ.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვაცლავ ჰაველის ძეგლი მნიშვნელოვანი გზავნილია ქართული საზოგადოებისთვის იმ თვალსაზრისით, რომ ის ღირებულებები, რომლითაც ჰაველი მოქმედებდა პოლიტიკაში, დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ძეგლის ავტორია ჯუმბერ ჯიქია. მონუმენტი ვაკის რაიონის გამგეობის ეზოში მდებარე განახლებულ სკვერში დაიდგა.
ვაცლავ ჰაველი — ჩეხი მწერალი, დრამატურგი, ჩეხოსლოვაკიის ბოლო პრეზიდენტი (1989-1992) და ჩეხეთის პირველი პრეზიდენტი (1993-2003). სამოქალაქო ფორუმის ერთ-ერთი დამფუძნებელია.