თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. ქართველმა მოდელმა გიგა ლაზარეიშვილმა საყოველთაოდ ცნობილი ბრენდ Dolce&Gabbana-ს წარმომადგენლების ყურადღება მიიპყრო და ის ნოემბერში გამართულ ჩვენებაზე მოდის სახლის ახალ კოლექციას წარმოადგენს.
თავის Instagram-ზე ლაზარეიშვილმა Dolce&Gabbana-ს 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია The Kings of Hearts-ის ჩვენების ვიდეო და ფოტოები გამოქვეყნა, რომელიც მილანში 17 ივნისს გაიმართა.
მანამდე ლაზარეიშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც წერდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას ურჩევდნენ დრო არ დაეკარგა, რადგან მილანში ის თავისი გარეგნობით ვერავის გააკვირვებდა, მან ფარ-ხმალი არ დაკარგა და ბოლომდე ბრძოლა გადაწყვიტა.
„იმედი არ გადამიწურია. მოკლედ, მე ჩემით მოვახერხე ყველაფერი და მოვხვდი D&G ყურადღების ცენტრში! თუ ვინმეს რამე არ სჯერა ძალიან არ მაინტერესებს… ვამაყობ საკუთარი თავით და ჩემი შესაძლებლობებით. მე ნოემბერში გამოვდივარ D&G ჩვენებაზე, შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა", — დაწერა ლაზარეიშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
„მისტერ შარმი", „მისტერ ვალენტინი 2015", „მისტერ სპორტული", „მისტერ ინტერნეტი" — ეს იმ ნომინაციების არასრული სიაა, რომლებშიც ლაზარეიშვილმა გაიმარჯვა.
გიგა ლაზარეიშვილი ბოლნისში 1991 წელს დაიბადა, სასულიერო აკადემიაში ხატწერის ფაკულტეტზე სწავლობს. ამჟამად ლაზარეიშვილმა სწავლაში პაუზა აიღო, რადგან მილანში მსოფლიო ბრენდების სარეკლამო რგოლებში, ფოტოსესიებსა და ჩვენებებზე მონაწილეობის მიღების მიზნით იმყოფება.