საქართველოში წლის საუკეთესო სიმღერა დასახელდა

© FB / fortuna106.9სტეფანე მღებრიშვილი
სტეფანე მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნომინაციაში "წლის სიმღერა" ლიდერი გახდა სტეფანე მღებრიშვილი სიმღერით "დამიბრუნდი".

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ყოველწლიური მუსიკალური კონკურსის "ოქროს ტალღის" მთავარი გამარჯვებული სტეფანე მღებრიშვილი გახდა სიმღერით "დამიბრუნდი" — დაჯილდოების ცერემონია მთაწმინდის პარკში 20 ივნისის საღამოს გაიმართა.

კონკურსი "ოქროს ტალღა" საქართველოში მეოთხედ ჩატარდა. კონკურსის ბოლოს სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესო შემსრულებლები ჯილდოვდებიან. ღონისძიების ორგანიზატორია რადიო-ჰოლდინგი "ფორტუნა".

სიმღერა "დამიბრუნდი" მღებრიშვილის ჰიტია, რომელმაც მას სახელი 2000-იანების დასაწყისში გაუთქვა. სიმღერის კომპოზიტორია ავთო ბადუაშვილი, ტექსტი თავად სტეფანე მღებრიშვილს ეკუთვნის. 2017 წელს მომღერალმა კომპოზიცია ხელახლა ჩაწერა და ახალი კლიპი გადაიღო ახალი ისტორიითა და გმირებით — ქართველი მოდელების ლამაზი წყვილით.

ახალმა შესრულებამ და კლიპმა ქართულ შოუ-ბიზნესში მაღალი შეფასება მიიღო. კლიპმა YouTube-ზე მილიონამდე ნახვა დააგროვა.

დაჯილდოების ცერემონიაზე სტეფანე მღებრიშვილის ეს კომპოზიცია რადიო "ფორტუნას" ფავორიტად დასახელდა.

საუკეთესო მომღერალ ქალად სოფო ნიჟარაძე აღიარეს სიმღერით "მაპატიე", წლის საუკეთესო მომღერალ მამაკაცად — ნოდიკო ტატიშვილი სიმღერით "ფერადი დღე".

წლის საუკეთესო ჯგუფი/ანსამბლი გახდა "ქართული ხმების კვარტეტი" კომპოზიციით "მეორე ლეგენდა", ინტერნეტის რჩეული კი გია დავითიანი სიმღერით "ლეგენდა სიყვარულზე". ნომინაციაში "წლის დებიუტი" გაიმარჯვა ეკუნამ სიმღერით What U Want.

კატეგორიაში "წლის რიმეიქი" გაიმარჯვა ჯგუფ New One-ის კომპოზიციამ Artificial love (სერგი გვარჯილაძის სიმრერა), "წლის დუეტი" — ლაშა ღლონტი და ქეთი ფარესაშვილი, წლის საუკეთესო ქალაქური სიმღერა — ანსამბლი "შვიდკაცა" და დათო გომართელი – "ერთ რამეს გეტყვი".

პრიზი მუსიკის პოპულარიზაციისთვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადაეცა ნინო ქათამაძეს. მუსიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პრიზი გადაეცა ჯგუფ "სახეს", კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციისა და პროდიუსინგისთვის — თეონა ჯორბენაძეს.

გამარჯვებულები 17 ნომინაციაში გამოვლინდნენ. თავისი ფავორიტები რადიო-ჰოლდინგ "ფორტუნას" ყველა რადიოსადგურმა დაასახელა.

კონკურსში მონაწილეობას იღებდა 125 მუსიკოსი, შემსრულებელი და კოლექტივი. გამარჯვებულები გამოვლინდნენ შერეული კენჭისყრით – ოფიციალურ ვებ-გვერდზე მაყურებლისა და ჟიურის წევრების ხმებით.

© FB / fortuna106.9მომღერალი სოფო ნიჟარაძე
Певица София Нижарадзе - Sputnik საქართველო
მომღერალი სოფო ნიჟარაძე

კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში, რომელიც, ტრადიციისამებრ, ფინალამდე გასაიდუმლოებული იყო, შედიოდნენ მერაბ სეფაშვილი, ნიკოლოზ რაჭველი, ნინო ქათამაძე, მაცაცო სებისკვერაძე, ზაზა შენგელია, ხატია შამუგია, დათო ფორჩხიძე, გიორგი უშიკიშვილი, ვაჟა დურგლიშვილი და ვალერი მელაძე.

კონკურს "ოქროს ტალღის" ყველა გამარჯვებულმა პრემიის საფირმო სტატუეტი მიიღო.

დაჯილდოების ცერემონიის საპატიო სტუმარი გახდა სიმღერების ცნობილი ფრანგი ავტორი, შემსრულებელი და ინსტრუმენტალისტი იან დესტალი, რომელიც მუსიკალური ჰაუს-პოპ-დუეტ Modjo-ს სახელით არის ცნობილი. დესტალმა იმღერა წვეულებაზე, რომელიც დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ გაიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0