თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. რიკოთის გვირაბი, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალის ნაწილია, უახლოეს ექვსი დღის განმავლობაში ღამის პერიოდში დაიკეტება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
რიკოთის საავტომობილო გვირაბი საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარეობს, რომელიც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს აერთიანებს. ამ გზაზე ბევრი სატრანზიტო ტვირთის მარშრუტი გადის.
„მოვლა-შენახვის (გვირაბის თაღისა და სავალი ნაწილის გარეცხვის, ჰორიზონტალური მონიშვნისა და სხვა) სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით 2017 წლის 21 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით ყოველდღიურად, ღამის 00:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", — ნათქვამია განცხადებაში.
ღამით ავტომობილის მფლობელებს შემოვლითი გზით გადაადგილება შეუძლიათ, რომლის ორ მონაკვეთზე საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა დაწესდება.
გარდა ამისა, პროფილაქტიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით წესდება შეზღუდვები გორის გვირაბში გადაადგილებაზე, რომელიც თბილისი–სენაკი–ლესელიძის ტრასის 88-ე კილომეტრზე მდებარეობს. აქ გზა დღისით დაიკეტება — 9:00 საათიდან 18:00 საათამდე.
გორის გვირაბში მოძრაობის აკრძალვა ეტაპობრივად და ცალმხრივად იმოქმედებს: აღნიშნული გვირაბის მარცხენა მიმართულებაზე (დასავლეთი-აღმოსავლეთი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა 21-დან 23 ივნისამდე აიკრძალება, ხოლო მარჯვენა მიმართულებაზე (აღმოსავლეთი-დასავლეთი) – 24 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით.
აკრძალვის საათებში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გორის გვირაბის შემოვლით გზაზე.