თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ქონების უკანონო ჩამორთმევის კიდევ ორი ფაქტი გახსნა და გამოიტანა გადაწყვეტილება ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმის განაჩენის გადახედვის შესახებ, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
პროკურატურამ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მოქალაქე პავლე კუსიანს დაუბრუნდება 2011 წელს, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დრო უკანონოდ ჩამორთმეული ანტიკვარული წიგნი „ ხელოვნების ისტორია არქიტექტურული ძეგლების მიხედვით“.
ანტიკვარული წიგნი — „ხელოვნების ისტორია არქიტექტურული ძეგლების მიხედვით“ — პარიზი 1823 და,,პარაბელუმის“ ტიპის პისტოლეტი დაუბრუნდებათ.
წიგნი, რომლის შესახებაც საუბარი მიდის, დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება. ის 1823 წელს, პარიზში, ფრანგულ და იტალიურ ენებზე გამოიცა.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2011 წლის დასაწყისში საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფისთვის ცნობილი გახდა, რომ პავლე კუსიანს 30 000 აშშ დოლარად სურდა გაეყიდა ოჯახის კუთვნილი ანტიკვარული წიგნი. პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფმა სისხლის სამართლის საქმის გახსნის ინსცენირებისა და ამ გზით წარმატებული საგამოძიებო უწყების იმიჯის მოპოვების მიზნით, გამოძიება დაიწყო ხსენებული წიგნის თითქოსდა ბიბლიოთეკიდან ქურდობის ფაქტზე, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პავლე კუსიანი დაიბარეს პროკურატურაში და რამდენიმესაათიანი ფსიქოლოგიური ზეწოლისა და მუქარის შედეგად, იძულებით დააწერინეს ხელწერილი, თითქოს იგი ანტიკვარულ წიგნს ნებაყოფლობით გადასცემდა ეროვნულ ბიბლიოთეკას, ვინაიდან იგი წარმოადგენდა იშვიათ სამუზეუმო და ბიბლიოთეკის ექსპონატს, რომლის მოვლის საშუალებაც მას არ გააჩნდა.
განცხადების მიღების შემდეგ, საგამოძიებო უწყებამ ანტიკვარული წიგნი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა.
საქართველოს პროკურატურამ უკანონოდ ჩამორთმეული ქონების შესახებ კიდევ ერთი გადაწყვეტილება ოთხშაბათს გამოიტანა. 2011 წელს საქართველოს მოქალაქემ, რომლის ვინაობაც არ საჯაროვდება, გადაწყვიტა 1940 წელს გამოშვებული Parabellum-ის ტიპის პისტოლეტის კანონით დადგენილი წესით დარეგისტრირება, თუმცა, მას უარი უთხრეს რეგისტრაციაზე და პისტოლეტიც ჩამოართვეს.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ოთხშაბათს მიიღო გადაწყვეტილება მოქალაქე გიორგი ხუროშვილის წინააღმდეგ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის შესახებ, რომელიც თბილისსა და კახეთის გზატკეცილზე 3,9 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ფლობდა, რომელზეც ბენზინგასამართი სადგური იყო განთავსებული.
2011 წელს ბენზინგასამართი სადგურით ხელისუფლების წარმომადგენლები დაინტერესდნენ და აღნიშნული მიწისა და ბენზინგასამართი სადგურის ჩამორთმევა გადაწყვიტეს.
2011 წლის ივლისში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გიორგი ხუროშვილი ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურის დამზადების ფაქტზე დაააკავა.
გამოძიების მიერ ხელოვნურად შეკრებილი მტკიცებულებების შედეგად, 2012 წლის 10 აპრილს გიორგი ხუროშვილი დამნაშავედ ცნეს და სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი და ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით შეუფარდეს. ამავე განაჩენით, ხუროშვილს მიწის ნაკვეთი და ბენზინგასამართი სადგური, როგორც დანაშაულის ჩადენის იარაღი ჩამოერთვა და სახელმწიფოს საკუთრებაში გადაეცა.
ქონების უკანონოდ ჩამორთმევის საქმე საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა გამოიძია, რომელიც 2015 წელს შეიქმნა. მის კომპეტენციაში შედის 2012 წლამდე ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებული ყოფილი საჯარო მოხელეების საქმეების შესწავლა.
2015 წლიდან ახალმა დეპარტამენტმა ქონების უკანონოდ ჩამორთმევის 64 ფაქტი გახსნა, 24 მსჯავრდებულთან დაკავშირებით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გადახედვის შუამდგომლობით მიმართა, დაზარალებულად ცნო 136 მოქალაქე, რომელთაც დაუბრუნდათ და დაბრუნების პროცესშია 36 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის 72 ავტომანქანა, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო კომპლექსი, მიწის ნაკვეთები და ა.შ.