ლავანდის ველები საქართველოში – Nukriani Lavender

© Facebook / Nukriani Lavenderლავანდების მინდორი
ლავანდების მინდორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის სკვერებში ალბათ შეგიმჩნევიათ სწორედ ახლა იასამნისფრად აყვავებული ვერცხლისფერი ლავანდის თვალწარმტაცი ბუჩქები, თუმცა სულ სხვა სანახაობაა ლავანდის თვალუწვდენელი ველი და მის სანახავად ნამდვილად ღირს ნუკრიანში ჩასვლა, სადაც კომპანიამ Nukriani Lavender ეს კულტურა ერთ ჰექტარზე გააშენა.

ისტორიკოსები ლავანდის ევროპაში გავრცელებას რომაელებს მიაწერენ. რომაელები ლავანდას დასაბანად, საპნის ნაცვლად იყენებდნენ. ეპიდემიების დროს რომაული ქალაქების ქუჩებში ლავანდის გამხმარ ტოტებს წვავდნენ და სჯეროდათ, რომ მისი კვამლი იხსნიდა ქალაქის მოსახლეობას, გააქრობდა სიმყრალეს და დააფრთხობდა ავ სულებს. როგორც ამბობენ, სწორედ აქედან მოდის ლავანდის ლათინური დასახელების Lavandula ფუძე lavare, რაც ლათინურად „გასუფთავებას, რეცხვას“ ნიშნავს.

ლავანდის კულტურა საქართველოში არცთუ ისე აქტუალურია. საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველი ლავანდის ბუჩქები ქალაქების სკვერებში სულ რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა. ერთმა კომპანიამ კი სიღნაღის რაიონში, სოფელ ნუკრიანში 2015 წელს ლავანდის ველის გაშენება დაიწყო, რომელმაც შარშან უკვე იყვავილა.

© FB/ Nukriani Lavenderნუკრიანი ლავანდა
ნუკრიანი ლავანდა - Sputnik საქართველო
ნუკრიანი ლავანდა

„Sputnik–საქართველოს“ პროექტ „ნუკრიანი ლავანდის“ მენეჯერი ნელი გვაზავა ესაუბრა.

– როდის დაიწყეთ ლავანდის ველის გაშენება?

— ლავანდის გაშენება სიღნაღის რაიონში, სოფელ ნუკრიანში სამი წლის წინ დავიწყეთ. დაუვიწყარი და საუცხოო სანახავია აყვავებული ლავანდა. თავბრუდამხვევი სურნელი აქვს, რომელიც არასოდეს დაგავიწყდება. მცენარე, რომლის ისტორიაც საუკუნეებს ითვლის, არაერთი საუცხოო თვისებით გამოირჩევა.

დაახლოებით 70-იან წლებში საქართველოში ლავანდა ძალიან პოპულარული მცენარე იყო. თელავში იყო მინდორი, სადაც იზრდებოდა ლავანდა. სამწუხაროდ, ეს საქმიანობა გაქრა და ამ ეტაპზე ლავანდა ასეთი დიდი რაოდენობით საქართველოში მხოლოდ ჩვენ მოგვყავს. რა თქმა უნდა, საქართველოში სხვადასხვა მაღაზიებში შეიძლება ლავანდის შეძენა, თუმცა ის ძირითადად საზღვარგარეთიდან არის ჩამოტანილი. ჩვენ კი ქართველ მომხმარებლებს ქართულ მიწაზე მოყვანილ ლავანდას ვთავაზობთ. 1 ივლისს  ყვავილების მოყვარულთ „ნუკრიანის ლავანდის ფესტივალი 2017“-ზე ვიწვევთ. ფესტივალი თბილისში, წერეთლის გამზირზე გაიმართება და დილის 11 საათიდან საღამოს 7 საათამდე გასტანს.

მასზე წარმოდგენილი იქნება როგორც ჩვენი მცენარეები, ისე ლავანდასთან დაკავშირებული სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთები, დეკორაცია, სუვენირები, კოსმეტიკური საშუალებები.

CC BY 2.0 / Flickr/ decar66 / Abbaye de Sénanqueლავანდის მუზეუმი პროვანსში
ლავანდის მუზეუმი პროვანსში - Sputnik საქართველო
ლავანდის მუზეუმი პროვანსში

რაც შეეხება ლავანდის გაშენების იდეას, იგი ჩვენ დირექტორს ეკუთვნის, რომელიც საფრანგეთის პროვანსის მხარის ნახვის შემდეგ იმდენად აღფრთოვანდა ამ მცენარით, რომ გადაწყვიტა საქართველოშიც გაეშენებინა ლავანდის ველი. სურდა, რომ საქართველოშიც ყოფილიყო ასეთი ლამაზი მცენარე. სწორედ ამ მიზნით დაიწყო საქმიანობა სამი წლის წინ და წელს უკვე ჩვენი ლავანდა უხვად ყვავის.

– ახსენეთ, რომ საქართველოში 70-იან წლებში ლავანდა ცნობილი მცენარე იყო. დღეს რამდენად იცნობს ამ კულტურას საზოგადოება?

— სამწუხაროდ, ლავანდა დღეს ისეთი აქტუალური აღარ არის, როგორც უწინ. ლავანდა ბუნებაში ათი წლის განმავლობაში ყვავილობს და ამ ხნის მანძილზე ერთნაირად ლამაზია. არ არის პრეტენზიული და რთულად მოსავლელი მცენარე. საქართველოში იმდენად კარგი ნიადაგი, ჰავა და ბუნებრივი პირობებია, რომ ლავანდა თავისუფლად იზრდება. მას სჭირდება მზე, არ უყვარს ბევრი წყალი, არის გვალვაგამძლე. არ მოსწონს მჟავე ნიადაგი. იშვიათად ავადდება და უჩნდება მავნებლები. ლავანდის გამრავლება თესლით დავიწყეთ, ამიტომ ყვავილობის პერიოდი ცოტა გახანგრძლივდა. პირველი წელი დასჭირდა თესლიდან ჩითილების ამოსვლას, შემდეგ ჩითილები გადავრგეთ ქოთნებში და ასე გაგრძელდა ზრდის პროცესი. წელს უკვე გვაქვს ძალიან ბევრი ბუჩქი და შესაძლებელია მათი გაყოფა. ამ ყველაფერს ჩვენს ორანჟერეაში ვაკეთებთ, შემდეგ, როცა მცენარე საკმაოდ დიდი და ძლიერია გადასარგველად, მიგვაქვს ჩვენ მინდორში, ნუკრიანში. ლავანდის ბუჩქის გამრავლება შესაძლებელია, როგორც უკვე ვთქვი, თესლით, ასევე ვეგეტატიურად — ბუჩქის გაყოფით ან დაკალმებით. მისი გამრავლება ყველაზე მარტივად ტოტის გადაწვენით ხდება.

© FB/ Nukriani Lavenderნუკრიანი ლავანდა
ნუკრიანი ლავანდა - Sputnik საქართველო
ნუკრიანი ლავანდა

– როდის ყვავილობს ლავანდა?

— როგორც უკვე მოგახსენეთ, საქართველოში ლავანდას ყვავილობისთვის ძალიან კარგი კლიმატია. ჩვენთან ლავანდა მაისში იწყებს ყვავილობას და დაახლოებით ნოემბრამდე ყვავილობს. შარშან ნოემბრის თვეში ჯერაც ყვაოდა.

– ლავანდის რამდენი სახეობა არსებობს?

— ლავანდა, როგორც ნებისმიერი სხვა მცენარე, კლასიფიცირებულია ბოტანიკოსების მიერ. კლასიფიკაცია კი ასე გამოიყურება: ოჯახი — ტუჩოსნები (Labiatae Juss.), გვარი — ლავანდა (Lavandula L.), სახეობა — ვიწროფოთლიანი ლავანდა (Lavandula Angustifolia), მსხვილფოთლიანი ლავანდა (Lavandula Latifolia). ჯიში — ვიწროფოთლიანი ლავანდა Munstead (Lavandula Angustifolia Munstead) ან ვიწროფოთლიანი ლავანდა Hidcote (Lavandula Angustifolia Hidcote) ან ვიწროფოთლიანი ლავანდა Lavance Purple (Lavandula Angustifolia Lavance Purple).

ლავანდის ველი - Sputnik საქართველო
ლავანდა - სურნელი რომელიც ყველგან გაგყვებათ

– საქართველოში რომელი ჯიშები იზრდება?

— ჩვენთან იზრდება Lavandula Angustifolia, ჯიშებს ჰქვია Munstead, Hidcote, Lavance Purple. ლავანდა ერთმანეთისგან განსხვავდება ფერის, ფორმის, სურნელის მიხედვით. Hidcote არის მოლურჯო ფერის. ჩვენ გვაქვს ასევე ახალი ჯიში, რომელსაც ქვია Lavance Purple და აქვს მუქი იასამნისფერი ყვავილები.

– გარდა იმისა, რომ ლავანდას ლამაზი ყვავილები და სურნელი აქვს, სასარგებლო თვისებებიც გააჩნია?

— ეს არომატული, იასამნისფერყვავილებიანი, დატოტვილი ბუჩქი ბევრისთვის, ალბათ, კოსმეტიკურ საშუალებებთან, საპონთან და შამპუნთან ასოცირდება, თუმცა ლავანდას უამრავი სამკურნალო თვისებებიც გააჩნია. ლავანდას აქვს ძალიან კარგი დამამშვიდებელი თვისება. თუ ადამიანს აწუხებს უძილობა, შფოთვა, ნევროზი, ლავანდის ჩაის დალევა ძილის წინ ძალიან სასარგებლოა. ლავანდა გამოიყენება ბრონქიტის, ხველების დროს. თუმცა მისი მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შიძლება, რადგან აქვს უკუჩვენებები. ლავანდის ჩაის მიღება არ შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს აწუხებს მაღალი წნევა, აქვს რაიმე სახის პათოლოგია, ალერგია და ა.შ.

კოსმეტოლოგიაში ლავანდას იყენებენ თითქმის ყველა ტიპის კანისთვის, განსაკუთრებით სასარგებლოა ცხიმიანი, დაბერებული, გაღიზიანებული კანის მოსავლელად. ლავანდის კოსმეტიკას აქტიურად იყენებენ ბავშვების მოსავლელად.

ლავანდას აქტიურად იყენებენ კულინარიაშიც. მას ძირითადად დესერტებსა და სასმელში იყენებენ.

გაგიკვირდებათ და ლავანდა გამოიყენება მწერების საწინააღმდეგოდაც.

– აპირებთ თუ არა თქვენი ბიზნესის გაფართოებას მომავალში?

— ჩვენ, რა თქმა უნდა, ვგეგმავთ გაფართოებას. სამომავლოდ ვგეგმავთ ლავანდის ეთერზეთის წარმოებას. მაგრამ პირველ რიგში გვინდა ლავანდის პოპულარიზება. ეს ფესტივალი არის პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ ისევ აღვადგინოთ ლავანდის კულტურა საქართველოში. ვნახოთ, როგორ ჩატარდება პირველი ფესტივალი და, შესაძლოა, ყოველწლიური გავხადოთ. ასევე ვგეგმავთ ექსკურსიების და ტურების ორგანიზებას, რომ ყველა მსურველს შეეძლოს ლავანდის ველის ნახვა. ბევრი შეგვიძლია ვილაპარაკოთ ლავანდის სილამაზეზე, მაგრამ, როგორც ამბობენ, Лучше один раз увидеть, чем 100 раз услышать!

ყველა ახალი ამბავი
0