თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. გასულ საღამოს ათეულობით პოლიციელი დაახლოებით 8 საათის განმავლობაში ცდილობდა დაეწყნარებინა აღელვებული მოქალაქეების გუნდი გამრეკელის ქუჩაზე, თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ რაიონში, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
შეკრებილები აღშფოთებული იყვნენ იმით, რომ ბერ ნიკოლოზ მაქარაშვილს ასახლებდნენ ნაქირავები ბინიდან.
როგორც ბერის ადვოკატი ინგა ბოლოთაური აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ძვირადღირებული რემონტი გააკეთა ბინაში იმ პირობით, რომ იქ ერთი წელი უფასოდ იცხოვრებდა, თუმცა ბინის მეპატრონეებმა რემონტის დასრულებისთანავე მისი გამოსახლება გადაწყვიტეს.
„მამაოს უნდა გაერემონტებინა მთელი მესამე სართული და ერთი წელი უფასოდ ეცხოვრა იქ. ჩატარდა 15-20 ათასი ლარის სარემონტო სამუშაოები და როცა საცხოვრებელი პირობები სახლში გაუმჯობესდა, მას მოსთხოვეს სახლის სასწრაფოდ დატოვება. ეს თაღლითობაა და მე სარჩელს შევიტან ამ ფაქტთან დაკავშირებით“, — განუცხადა ჟურნალისტებს ბოლოთაურმა.
ღამის განმავლობაში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა — ხალხი ცდილობდა ძალით შეჭრილიყო სახლში, ხოლო პოლიცია მათ წინააღმდეგობას უწევდა. რამდენიმე ადამიანი სახლის სახურავზე ავიდა და იქიდან გადმოხტომით იმუქრებოდა.
სიტუაცია მას შემდეგ განიმუხტა, რაც სახლის მეპატრონეები დათანხმდნენ ბერის სახლში შეშვებას.
მოლაპარაკებები რამდენიმე საათი გრძელდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, პარლამენტის და საკრებულოს წევრების მონაწილეობით. სახლის მეპატრონეები ამტკიცებენ, რომ ბერი აგრესიული ქმედებებისა და შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო გააგდეს და მის შეშვებას მხოლოდ სიტუაციის განმუხტვის მიზნით დათანხმდნენ.
„მამა ნიკოლოზისგან განხორციელდა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მოთხოვნა, რომ მთელი სახლი დაგვეთმო მისთვის. ჩვენ გავითვალისწინეთ ის სიტუაცია, რაც ამ სახლის გარშემო ხდება და ისევ და ისევ სახელმწიფო სტრუქტურების დახმარების იმედით, რომ მომავალში მაინც მოგვარდება სამართლებრივ-კანონიერი გზებით", — უთხრა ჟურნალისტებს სახლის მეპატრონემ კახა ხელაძემ.
არეულობის შედეგად არავინ დაშავებულა და არც პოლიციას დაუკავებია ვინმე.