ოპოზიციამ კონსტიტუციასთან დაკავშირებით პლებისციტის მოთხოვნით ხელმოწერები შეაგროვა

© AP Photo / Sergei Gritsდავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში კონსტიტუციის რეფორმა ტარდება, ოპოზიცია პლებისციტის ჩატარებას მოითხოვს, რათა საქართველოს მოქალაქეების აზრი გათვალისწინებული იყოს.

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. ოპოზიციურმა პარტიამ „მოძრაობა თავისუფლებისთვის — ევროპული საქართველო" 150 000 ადამიანის ხელმოწერა შეაგროვა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარების მოთხოვნით, განაცხადა ბრიფინგზე მოძრაობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო
საქართველოს საარჩევნო სისტემა: ხელისუფლების ბოლო გადაწყვეტილება

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც მმართველი პარტიის "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" მიერ არის შემუშავებული, ქვეყანაში ხმაურიანი კამათის საგნად იქცა. ცვლილებების წინააღმდეგ გამოდიან ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ექსპერტები, სახალხო დამცველი და საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით აზრი მმართველი პარტიის შიგნითაც გაიყო.

„წარმოდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით არ არსებობს კონსენსუსი არა მხოლოდ განსხვავებულ პოლიტიკურ პარტიებს შორის, არამედ უმრავლესობის შიგნითაც კი… კონსტიტუციასთან დაკავშირებით ჩიხში ვართ. ჩიხს ვეძახი მდგომარეობას, როდესაც არ არსებობს არანაირი კონსენსუსი და შეთანხმების პერსპექტივა პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის", — განაცხადა ბაქრაძემ.

ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ ერთპიროვნულად მიღებული კონსტიტუცია ქვეყანაში სტაბილურობას ხელს არ შეუწყობს, დარწმუნებულია ბაქრაძე.

„ჩვენ ვაგროვებდით ხელმოწერებს პლებისციტის მოთხოვნით. დღეს წარმოგიდგენთ შეგროვილი ხელმოწერების მხოლოდ ნაწილს და მინდა გითხრათ, რომ 150 000-მდე ხელმოწერა მოაგროვა „ვროპულმა საქართველომ" ამ ძალიან შეზღუდულ დროში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოსახლეობას, ხალხს სურს, რომ მას დავეკითხოთ აზრი, და ამ ქვეყნის კონსტიტუცია და პოლიტიკური სისტემა უნდა იყოს ისეთი, როგორც ამას გადაწყვეტს ხალხი", — აღნიშნა პოლიტიკოსმა.

ბაქრაძე დარწმუნებულია, რომ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი სისტემით უნდა მოხდეს პარლამენტის წევრების არჩევა — პროპორციულით, მაჟორიტარულით თუ შერეულით. პრეზიდენტის არჩევის საკითხთან დაკავშირებული გადაწყვეტილებაც ხალხმა უნდა მიიღოს.

„დღეს ჩვენი პარტიის წარმომადგენლები კანცელარიაში მიიტანენ და ჩააბარებენ 150 000 ხელმოწერას პლებისციტის ჩატარების მოთხოვნით", — აღნიშნა ოპოზიციონერმა.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლება ვენეციის კომისიის შენიშვნებს გაითვალისწინებს

საქართველოს კონსტიტუციის განახლებული პროექტი ითვალისწინებს საქართველოს გადასვლას მმართველობის საპარლამენტო ფორმაზე. აქედან გამომდინარე, იკვეცება პრეზიდენტის და იზრდება მთავრობის უფლებამოსილებები. გარდა ამისა, გათვალისწინებულია პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმება და საპარლამენტო არჩევნების ახალი სისტემის დანერგვა — მხოლოდ პროპორციულის. თუმცა, ორშაბათს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები კვლავ ჩატარდება შერეული სისტემით — პროპორციული და მაჟორიტარულით. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, რომელიც პარლამენტის ყველა, 150 დეპუტატის არჩევას პარტიული სიით ითვალისწინებს, საქართველო 2024 წელს გადავა. ეს ჩაიწერება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში, რომელშიც შესატან ცვლილებებს პარლამენტი ოთხშაბათს განიხილავს.

მოსალოდნელია, რომ კონსტიტუციის განახლებულ პროექტს 2017 წელს მიიღებენ, თუმცა ძალაში ის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევა.

ყველა ახალი ამბავი
0