თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. ფოთის წისქვილკომბინატში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ორი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, განაცხადა ფოთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა ჟურნალისტებთან.
წინასწარი ინფორმაციით, ფოთის წისქვილკომბინატში აფეთქება ერთ-ერთი დანადგარის გადახურების გამო მოხდა. ორმა ადამიანმა დამწვრობები მიიღო. ისინი სტაციონარში გადაიყვანეს.
„დაზიანებები არის სახის, ზურგისა და კიდურების ნაწილში. მათ პირველი და მეორე ხარისხის დამწვრობები აქვთ მიღებული. ორივეს მდგომარეობა სტაბილურია, უტარდებათ შესაბამისი გამოკვლევა. ისინი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან“, — განაცხადა მიგინეიშვილმა ტელეკომპანია Imedi-ის ეთერში.
ხანძარი, რომელმაც ორი სართული მოიცვა, ლიკვიდირებულია. ამ დროისთვის სპეციალისტები ხანძრის გაჩენის მიზეზის გარკვევას ცდილობენ.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს.