საქართველომ ევროპოლთან თანამშრომლობის შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ევროპოლის შტაბ-ბინაში მეკავშირე ოფიცერი ეყოლება.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით რატიფიკაცია გაუკეთა შეთანხმებას „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ“.

შეთანხმებას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და ევროპოლის დირექტორმა რობ უენრაითმა 2017 წლის 4 აპრილს თბილისში მოაწერეს ხელი. შეთანხმების საფუძველზე საქართველოს შესაძლებლობა ექნება, ევროპოლთან და მისი მეშვეობით ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცველ ორგანოებთან უსაფრთხო კომუნიკაციის არხის საშუალებით გაცვალოს დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაცია და პერსონალური მონაცემები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ევროპოლის შტაბ-ბინაში მეკავშირე ოფიცერს წარგზავნის და ევროპოლის მიერ შექმნილი ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფების მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

მსგავსი მაღალი დონის შეთანხმება ევროპოლს გაფორმებული აქვს ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, ავსტრალია, ნორვეგია, შვეიცარია, ისლანდია და სხვა.

ყველა ახალი ამბავი
0