რეჰანი (Ocimum, базилик) ტუჩოსანთა ოჯახის მრავალწლოვანი და ერთწლოვანი, ბალახოვანი და ბუჩქბალახოვანი მცენარეთა გვარია, რომელიც აერთიანებს 69 სახეობას და 150-მდე ფორმას.
სანელებლად ყველაზე ფართოდ გამოიყენება ბოსტნის რეჰანი (Ocimum basilicum L.), რომლის ქართული კუთხური სინონიმებია: რიანდი, შაშკვლამი, ჟაშკვლამი, შაშტამი, შეშტრამი, შაშტრამი, ჟაშკვლამი, რეჰანდ, რეჰანი, სამშურე, საშურამი, შაშურამი.
სულხან-საბა ორბელიანი რეჰანს მოიხსენიებს როგორც შაშპრა.
მორფოლოგიური ნიშნებით, ფოთლებისა და ღეროების ფერით, არომატითა და გემური თვისებებით რეჰანის სახეობები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. მცენარის მიწისზედა ნაწილები დიდი ოდენობით შეიცავს ეთერზეთებს, ვიტამინებს: А, С, В2, РР, შაქარს, კაროტინს, რუტინს, ფიტონციდებს და მთრიმლავ ნივთიერებებს. რეჰანის არაერთი სახეობა, მისი თვისებების გამო, კულტივირებულია როგორც სანელებელი, სამკურნალო და დეკორატიული მცენარე. ასევე იყენებენ როგორც ბურნუთს.
სანელებლად, ეთერზეთების მისაღებად და სამკურნალო მიზნით ძირითადად გამოიყენება რამდენიმე სახეობა: ბოსტნის რეჰანი (Ocimum basilicum); ქაფურის რეჰანი (Ocimum menthifolium); ევგენოლის რეჰანი (Ocimum gratissimum); ტულასი (Ocimum tenuiflorum) და სხვ. ევგენოლის რეჰანის ეთერზეთები შეიცავს დიდი ოდენობით ევგენოლს. ეს სახეობა გამოიყენება ვანილინის წარმოებაში. ქაფურის რეჰანის ეთერზეთები 80% ქაფურს შეიცავს და მისგან იღებენ ქაფურის ზეთს.
სამხრეთ აზიური წარმომავლობის რეჰანი ბუნებრივად გავრცელებულია სუბტროპიკული და ტროპიკული სარტყლების ქვეყნებში. ალექსანდრე მაკედონელის ჯარისკაცებმა მცენარე ინდოეთიდან ევროპაში შეიტანეს. საიდანაც შემდეგ გადავიდა ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში. რუსეთსა და საფრანგეთში რეჰანი გავრცელდა XVII-XVIII საუკუნეებში. გამორჩეული გემოსა და არომატის გამო მცენარემ სწრაფადვე მიიპყრო კულინარების ყურადღება და დამსახურებულად მიიღო კიდეც „სამეფო სანელებლის“ სტატუსი.
საქართველოში ბუნებრივად არ გვხვდება. როგორც სანელებელი, შემოტანილია XVIII საუკუნეში. ჩვენთან რეჰანი ერთწლოვანი, ბალახოვანი კულტურაა, მწვანე, ან მოწითალო-მუქი იისფერი ფოთლებითა და მძაფრი, სასიამოვნო არომატით. საქართველოში კულტივირებულია სამი სახეობა: ყველასათვის კარგად ცნობილი — ბოსტნის რეჰანი (Ocimum basilicum L.), ევგენოლის რეჰანი (Ocimum gratissimum L.) და ქაფურის რეჰანი (Ocimum menthifolium Hochst. ex Benth.). რეჰანის მწვანეფოთლიან ფორმებს დასავლეთ საქართველოში შაშკვლამის სახელითაც მოიხსენიებენ.
წერილობითი ცნობები რეჰანის შესახებ, მცენარის მორფოლოგიური აღწერილობა და სამკურნალო თვისებები პლინიუსის, ჰიპოკრატეს, ავიცენას და აღმოსავლეთ ჩინეთის უძველეს ხელნაწერებშია შემონახული.
მცენარის შესახებ არაერთი თქმულება და მითია შემორჩენილი. ინდოეთში ლოტოსის შემდეგ მეორე წმინდა მცენარედ ითვლება და ქალღმერთ ტულასის განასახიერებს. მათი მოკრეფისას სავალდებულოა სპეციალური რიტუალის ჩატარება. ინდოელების აზრით, მცენარე ადამიანის სულს ეხმარება სამოთხეში გადასვლაში, ამიტომ მიცვალებულს რეჰანის გვირგვინებს ატანენ.
ძველი ბერძნები და რომაელები რეჰანს „სამეფო სანელებლად“ მიიჩნევდნენ. ეგვიპტელები მცენარეს იყენებდნენ მუმიფიცირებისას. რეჰანის გვირგვინები ნაპოვნია პირამიდებში.
ზოგიერთ ქრისტიანულ ქვეყანაში რეჰანი გამოიყენება აღდგომის დღესასწაულზე სახლში ხატების და ჯვრების მოსართავად. ამ ტრადიციას საფუძვლად უდევს ძველბერძნული ლეგენდა, რომლის თანახმად, იესოს საფლავზე გაზრდილმა რეჰანმა მიასწავლა მის მოწაფეებს საფლავის გზა. კუნძულ კრეტაზე შემორჩენილი ლეგენდის თანახმად, რეჰანის არომატმა აპოვნინა მოციქულთა სწორ ელენეს გზა ჯვრამდე, რომელზეც გაკრული იყო ქრისტე. ამ ადგილზე აგებულია ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ცნობილი მართლმადიდებლური — სტავროვუნის მონასტერი (ბერძნ.: Σταυροβούνι, Μοναστήρι του Τιμίου Σταυρού, დარსებულია მოციქულთა სწორ ელენეს მიერ 327 წელს. ბერძნულიდან სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „ჯვრის მთა“ – „წმინდა ჯვრის მონასტერი“).
მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებული „სამეფო სანელებელი“ კარგად ეხამება ყველა სანელებელს. ამ გამორჩეული თვისების წყალობით მცენარეს საპატიო ადგილი უკავია იტალიის, ესპანეთის, საბერძნეთის, საქართველოსა და საფრანგეთის სამზარეულოებში.
სასიამოვნო, მძაფრი არომატისა და გემოს მქონე რეჰანი სანელებლად გამოიყენება როგორც მშრალი, ისე ნედლი სახით კულინარიასა და საკონსერვო წარმოებაში: სუპების, ბულიონების, ბოსტნეულის, ხორცის, თევზის, ყველის, პომიდვრის, ისპანახის, კომბოსტოს, მაკარონის და ლობიოს კერძებში; სალათების, ბუტერბროდების, ხაჭოს და კვერცხის შესაზავებლად; საკონსერვო წარმოებაში — პომიდვრის, კიტრის, სოკოს, კომბოსტოს, ბადრიჯნის და ბულგარული წიწაკის მარინადების, პაშტეტების, ტომატების, იოგურტების, სოუსების, გარნირების, ძეხვეულობის და შებოლილი დელიკატესების დასამზადებლად. ასევე საბუტერბროდე ზეთის და ლიქიორების წარმოებაში. აზერბაიჯანში — სასმელების არომატიზატორად, უზბეკეთში — ჩაის სახით. რეჰანის და როზმარინის ერთად დაფქული ფოთლები იხმარება ცხარე წიწაკის ნაცვლად.
იმის მიუხედავად, რომ რეჰანი საქართველოს ფლორის წარმომადგენელი არ არის, მისი გამოყენება ქართულ სამზარეულოში უძველესი დროიდან ხდება ხორცის, თევზის, წვნიანების, მშრალი კერძების, სალათების და ფხალეულობის შესაკმაზად.
ხალხურ მედიცინაში რეჰანი გამოიყენება როგორც მატონიზირებელი, სიცხის დამწევი, შარდმდენი, ანთების საწინააღმდეგო და ბაქტერიციდული საშუალება. ინდური ხალხური მედიცინა მცენარეს იყენებს როგორც ძლიერ აფროდიზიაკს: აღვივებს რომანტიკულ გრძნობებს, ადუნებს და ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ამაღლებს პოტენციას, ითვლება როგორც საუკეთესო ბუნებრივი საშუალება თავის ტკივილისა და შაკიკის დროს, აუმჯობესებს მეხსიერებას და ტვინის მუშაობას.
რეჰანის ეთერზეთები ამაღლებს საერთო ტონუსს, აღვიძებს მადას, ააქტიურებს საჭმლის მონელებას, რეკომენდებულია შინაგანი ორგანოების ინფექციების, გასტრიტის, კოლიკების, მეტეორიზმის, სპაზმების, დიაბეტის, თირკმელების, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს.
დიდი ოდენობით ვიტამინების და ეთერზეთების წყალობით მცენარე ეფექტურია შარდის ბუშტის, სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს. როგორც საერთო გამაჯანსაღებელი საშუალება, ეხმარება ორგანიზმს ოპერაციის შემდგომ ძალების აღდგენაში. დადებითად მოქმედებს ართრიტების და რევმატიზმის დროს. ელასტიურობას მატებს სისხლძარღვების კედლებს, აუმჯობესებს კანისა და ფრჩხილების სტრუქტურას. რეჰანის წვენი ამცირებს ფუტკრის ნაკბენით გამოწვეულ ტკივილს. ფოთლების ნახარში და ზეთის ინჰალაცია ეფექტურია ზედა სასუნთქი გზების ანთებისა და ვირუსული ინფექციების დროს.
ფართო გამოყენება აქვს რეჰანის ეთერზეთებს არომათერაპიასა და ჰომეოპათიურ მედიცინაში. რეჰანის ზეთი თაფლსა და ნაღებთან ერთად საუკეთესო სარელაქსაციო საშუალებად ითვლება მძიმე დამქანცველი დღის შემდეგ. რეჰანის არომატული აბაზანები ამშვიდებს ნერვულ სისტემას.
რეჰანის არაერთი სახეობა კულტივირებულია დეკორატიული მიზნით, ღია გრუნტის და შიდა ინტერიერების გასალამაზებლად.