თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. მალე სავაჭრო ქსელში გასაყიდად მინერალური წყალი „ბორჯომი“ არასტანდარტულ და ექსკლუზიურ ალუმინის შეფუთვაში (0,33 ლ) გამოვა — ქარხანაში ახალი საწარმოო ხაზი პარასკევს ამოქმედდა.
ახალი ხაზის გახსნის ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დაესწრო, რომელიც IDS Borjomi Georgia-ს გენერალურ დირექტორთან ზაზა კიკვაძესთან ერთად წარმოების პროცესს გაეცნო, ნათქვამია ინფორმაციაში ეკონომიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე.
„კომპანია „ბორჯომი“ ქმნის ახალ სტანდარტს საერთაშორისო ბაზარზე მინერალური წყლის მარკეტინგის მიმართულებით. დღეს ჩვენ ვნახეთ და გავხსენით ახალი პროდუქციის ხაზი, რომელიც ჩამოასხამს „ბორჯომს“ ალუმინის ქილებში. რთულია „ბორჯომს“ ინოვაციური დაუძახო, მაგრამ ამ პროდუქტის მიწოდება და მარკეტინგი არის აბსოლუტურად ინოვაციური", — განაცხადა გახარიამ.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დარწმუნებულია, რომ ახალი პროდუქტი ხელს შეუწყობს როგორც კომპანიის წარმატებას, ისე ქართული ექსპორტის გაზრდას.
ახალი ჩამოსასხმელი ხაზი, რომელიც იტალიური კომპანია GFT-ს მიერაა წარმოებული, მთლიანად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და აღჭურვილია ტექნოლოგიური სიახლეებით. კომპანიამ ინოვაციური პროექტი 5-მილიონიანი რეინვესტიციის საფუძველზე განახორციელა.
IDS Borjomi Georgia-ს გენდირექტორის განცხადებით, კომპანიის სტრატეგიის ძირითადი მიმართულება ინოვაციური პროექტების განხორციელებაა, რომლის ერთ-ერთი მაგალითი „ბორჯომის“ ახალი შეფუთვაა.
„კვლევები, რომლებიც ტარდება როგორც საქართველოში, ასევე საექსპორტო ბაზრებზე, ცხადყოფდა, რომ ბაზარზე მოთხოვნა იყო ასეთ შეფუთვაზე. ჩვენ ვუპასუხეთ მომხმარებლის მოლოდინებს და დღეს "ბორჯომი“ ალუმინის ქილაში უკვე წარმოებაშია“, – აღნიშნა ზაზა კიკვაძემ.
მინერალური წყალი საქართველოს ექსპორტის სტრუქტურაში ერთ-ერთ ძირითად ადგილს იკავებს — 2016 წელს პროდუქციის ექსპორტმა 80 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ექსპორტის მთლიანი მოცულობის 3,8%-ია. მინერალური წყლის ძირითადი იმპორტიორი რუსეთია, სადაც საანგარიშო პერიოდში 35,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების წყალი გაიგზავნა.