თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოს შს სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სტრუქტურულმა ქვედანაყოფებმა ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს, რომელიც მიმართულია ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმის, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ, ნათქვამია შსს-ს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
სწავლების მიზანი იყო შსს-სა და სუს-ის სტრუქტურულ დანაყოფებს შორის კოორდინაციის, შტაბების მუშაობისა და მართვის ეფექტიანობის ამაღლება და საზოგადოებრივი უსაფრთხოების კონტროლის გაუმჯობესების ხელშეწყობა.
„ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა მთელი მსოფლიოს სამართალდამცავების გამოწვევაა. ამ თვალსაზრისით საქართველო უსაფრთხო ქვეყანა არის და ეს ხაზს უსვამს, რომ ჩვენ ეფექტურად ვმუშაობთ“, — განაცხადა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, რომელიც წვრთნების მიმდინარეობას აკვირდებოდა.
სასწავლო წვრთნაში მონაწილეობდნენ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის განაღმვის და კონტრტერორისტული ოპერაციების სამმართველოები.
წვრთნებს აგრეთვე აკვირდებოდნენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს ქიმიური, ბიოლოგიური, ბირთვული და რადიაციული საფრთხეების და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. ეს თანამშრომლობა მრავალი წლის განმავლობაში გრძელდება. ჩვენ დავინახეთ მნიშვნელოვანი პროგრესი და კოორდინირებული მუშაობა იმ უწყებებს შორის, რომლებიც ამ ტიპის პრობლემებზე რეაგირებენ“, — განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ ნიკოლას ბერლინერმა.
ღონისძიების დასასრულს, სტუმრებისთვის სპეცტექნიკის, იარაღისა და სხვადასხვა სახის აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო.