აბაშიძე და კარასინი პრაღაში ივლისის პირველ დეკადაში შეხვდებიან

© Sputnik / Alexander Imedashviliზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიპლომატების გარდა, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლები.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ "Sputnik-საქართველოს" განუცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან მორიგი შეხვედრა პრაღაში ივლისის პირველ დეკადაში გაიმართება.

აბაშიძე–კარასინის შეხვედრები — საქართველოსა და რუსეთს შორის არაფორმალური დიალოგის ფორმატია, რომელიც 2008 წელს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ 2012 წლიდან იმართება. თავდაპირველად მორიგი შეხვედრის ჩატარება ივნისის ბოლოს იგეგმებოდა.

„მოლაპარაკებები ერთი კვირით გადავიტანეთ. ზუსტი თარიღი მალე გვეცოდინება", — განაცხადა აბაშიძემ.

ქართველი დიპლომატის თქმით, შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს საგარეო საქმეთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების და რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლები.

მოლაპარაკებებზე მხარეები ჰუმანიტარულ საკითხებზე იმსჯელებენ.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები თბილისმა 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

ამჟამად ქვეყნებს შორის დიალოგი ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძე–კარასინის რეგულარული შეხვედრების ფორმატში მიმდინარეობს.

აბაშიძე–კარასინის მოლაპარაკებები ტრადიციულად პრაღაში იმართება და ითვალისწინებს დისკუსიას მხოლოდ ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებზე.

ჟენევის დისკუსიები 2008 წლის ოქტომბრიდან იმართება. ამჟამად ეს საქართველოს წარმომადგენლებსა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებებს შორის დიალოგის ერთადერთი ფორმატია. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობენ რუსეთის, აშშ-ის, გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები.

გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის მოღვაწეობის ერთ-ერთ პრიორიტეტს რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება წარმოადგენს. ამავე დროს საქართველოს ხელისუფლება პროდასავლური პოლიტიკის გატარებას აგრძელებს.

ყველა ახალი ამბავი
0