თბილისი, 15 июн — Sputnik. ძლიერმა წვიმამ, რომელიც ხუთშაბათს, ღამით გურიის რეგიონს დაატყდა თავს, სახლების პირველი სართულები და სავარგულები დატბორა, აცნობა „Sputnik–საქართველოს“ რეგიონის გუბერნატორის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.
ყველაზე მეტად რეგიონში ჩოხატაურისა და ლანჩხუთის რაიონების მცხოვრებლები დაზარალდნენ. ამ დროისათვის ზარალის დათვლა მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ექსპერტები იმყოფებიან.
„ამ დრომდე წვიმს. წვიმა გუშინ, საღამოს ცხრა საათის შემდეგ დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა. დეტალების შესახებ ვერაფერს გეტყვით, მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ძირითადად სახლების პირველი სართულები და ეზოები დაიტბორა“, — განაცხადა პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა, რომელიც სახლებიდან წყალს ქაჩავს. გარდა ამისა, ადგილობრივ მცხოვრებლებს ეზოების დასუფთავებაში ეხმარებიან.