"ამ მექანიზმის საკანონმდებლო დონეზე შემოღება, ერთი მხრივ, საზოგადოების მენტალიტეტზე დადებითად იმოქმედებს, ხოლო მეორე მხრივ კი თვითონ ქალებს მიეცემათ უფრო მეტი რწმენა, რომ შეუძლიათ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება", — აღნიშნა ირმა პავლიაშვილმა "Sputnik–საქართველოსთან" საუბრისას.
გენდერული კვოტების საკანონმდებლო ინიციატივის წარსადგენად საჭირო 37 000 ხელმოწერა "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს პარლამენტში უკვე შეიტანა.
საკანონმდებლო ინიციატივა საარჩევნო კოდექსში ისეთი ცვლილებების განხორციელებას გულისხმობს, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკური პარტიები ვალდებული იქნებიან საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სია გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვით დააკომპლექტონ და სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. იმ შემთხვევაში კი, თუ არჩეულ წევრს რაიმე მიზეზით შეუწყდება დეპუტატის უფლებამოსილება, მაშინ დეპუტატის მანდატს იმავე სქესის რიგით მომდევნო კანდიდატი მიიღებს.