თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. ქართველი ხალხი ყახაზეთის მხარდაჭერას აფასებს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ასტანაში ყაზახ კოლეგასთან ნურსულთან ნაზარბაევთან შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვის წარმოთქმისას.
საქართველოს პრეზიდენტი ასტანას ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით სამშაბათს ეწვია. დაგეგმილია მარგველაშვილის შეხვედრები ყაზახეთის პრემიერ-მინისტრთან ბაკიტჟან საგინტაევთან, პარლამენტის ქვედა პალატის (მაჟილისის) თავმჯდომარესთან ნურლან ნიგმატულინთან და სენატის თავმჯდომარესთან კასიმ-ჟომართ ტოკაევთან. გარდა ამისა, მარგველაშვილი ასტანაში "ექსპო-2017"-ის ფარგლებში ქართული პავილიონის მონახულებას აპირებს.
„ახლა თვალნათლივ ვხედავ, თქვენ და თქვენმა ხალხმა რამდენს მიაღწიეთ ამ რთული წლების განმავლობაში. ქართველი ხალხი ხედავს და აფასებს თქვენი ქვეყნისა და თქვენს პირად მხარდაჭერას. ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია „ექსპო-2017"-ში საქართველოს მონაწილეობა, სადაც შევძლებთ ჩვენი ეკონომიკის მიღწევების წარმოდგენას და ჩვენი ტრადიციული კეთილმეზობლური კავშირების გამყარებას", — ციტირებს მარგველაშვილს ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
ნურსულთან ნაზარბაევმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ყოველთვის კარგი იყო.
„მადლობელი ვართ თქვენი ვიზიტისათვის და გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის გამო. ჩვენი ურთიერთობები ყოველთვის კარგი იყო, დამოუკიდებლობის პირველ წლებში ჩვენი ქვეყნები ერთმანეთს ყოველმხრივ დახმარებას უწევდნენ, ყაზახეთი კი თქვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი ინვესტორია. ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაუმჯობესებისთვის ვერანაირ დაბრკოლებას ვერ ვხედავ და თქვენი ვიზიტი ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია", — განაცხადა ნაზარბაევმა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ მარგველაშვილმა ყაზახ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრის შემდეგ ოფიციალური ლანჩი გაიმართა. ყაზახეთში საქართველოს პრეზიდენტს თან ახლავს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რომელიც ადრე ყაზახეთში საქართველოს ელჩი იყო.
წელს საქართველოსა ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი აღინიშნება. ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. ამჟამად ყაზახეთში საქართველოს ელჩის პოსტს ზურაბ აბაშიძე იკავებს.
ქვეყნები თანამშრომლობენ ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში. რამდენიმე წლის განმავლობაში ყაზახეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი იყო და ინვესტიციებს ახორციელებდა ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.
„საქსტატის" მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-მარტში საქართველომ ყაზახეთში 12 მლნ აშშ დოლარის პროდუქციის ექსპორტი განახორციელა, იმპორტირებული საქონლის ღირებულებამ კი 8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.