თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. საქართველოში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე (U-20) საქართველოს რაგბის ნაკრებმა არგენტინა დაამარცხა ანგარიშით 26:25.
ამ გამარჯვების წყალობით საქართველოს ნაკრებმა მისი მონაწილეობა უზრუნველყო შემდგომ მსოფლიო ჩემპიონატზე (U-20), რომელიც, სავარაუდოდ, არგენტინაში გაიმართება.
გარდა ამისა, ქართველ მორაგბეებს მსოფლიო ჩემპიონატებზე საკუთარი გამოსვლების მაჩვენებლების გაუმჯობესების შანსი აქვთ, თუ მეცხრე-მეათე ადგილისთვის მატჩში ირლანდიის ნაკრებს მოუგებენ. მანჩესტერის შარშანდელ ტურნირში ქართულმა გუნდმა მეათე ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გელა აფრასიძე გახდა, რომლის ანგარიშზეა ოთხი ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმა და ორი გარდასახვა.
ორი წარმატებული ლელო კი ილია სპანდერაშვილმა და ბექა საღინაძემ განახორციელეს.
საქართველოს ნაკრებსა და ირლანდიას შორის მატჩი მსოფლიო ჩემიონატის დასკვნით დღეს, 18 ივნისს თბილისში, "ავჭალის" სტადიონზე გაიმართება. დასაწყისი — 14:30 საათზე.