თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში 14 ივნისს რუჯერო ლეონკავალოს ოპერა "ჯამბაზებს" წარმოადგენენ, რომელშიც მთავარ როლს თეიმურაზ გუგუშვილი შეასრულებს, იუწყება "Sputnik-აზერბაიჯანი" თეატრის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტს, საქართველოს სახალხო არტისტს, სახელმწიფო პრემიისა და ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატს, პროფესორ თეიმურაზ გუგუშვილს მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში შესრულებული აქვს კლასიკური რეპერტუარის პრაქტიკულად ყველა სატენორო პარტია. მას უმღერია აშშ-ში, იაპონიაში, ისრაელში, თურქეთში, უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში, რუსეთში და წამყვანი ევროპული თეატრების სცენებზე.
საოპერო დადგმაში მონაწილეობის მისაღებად ასევე მიწვეულია სანქტ-პეტერბურგის მიხეილის თეატრის სოლისტი, ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი ალექსანდრ კუზნეცოვი.
დადგმაში მონაწილეობენ: აზერბაიჯანის დამსახურებული არტისტები აფაგ აბასოვა (ნედას პარტია), ჯაჰანგირ გურბანოვი (სილვიოს პარტია), სოლისტები: ფაჰმინ აჰმედლი (არლეკინის პარტია) და თურალ აგასიევი (გლეხის პარტია). დირიჟორი – აზერბაიჯანის სახალხო არტისტი, პროფესორი იალჩინ ადიგეზალოვი.