თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. თბილისში, უკრაინის საელჩოს შენობასთან ორშაბათს ქართული მრევლის წარმომადგენლებმა გამართეს აქცია უკრაინელი ნაციონალისტების ქმედებების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინაში მართლმადიდებლური რწმენის მიმდევრებს ავიწროებენ, აცნობა "Sputnik-საქართველოს" ოპოზიციური პარტია "ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ.
აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ ბოლო დროს უკრაინაში უხეშად ირღვევა მართლმადიდებელთა უფლებები, რაზეც ქვეყნის ხელისუფლება არანაირად არ რეაგირებს.
"უკრაინაში კანონიკურ და კანონიერ ეკლესიას რუსული მართლმადიდებლური ეკლესია წარმოადგენს. ახლა ნაციონალისტების მხრიდან მათი დევნა მიმდინარეობს. შეიარაღებული ნაციონალისტები არბევენ ეკლესიებს, იქიდან მრევლს აგდებენ და აცხადებენ, რომ ეს ეკლესია მათ ეკუთვნით. უკვე 40 ეკლესიაა დაკავებული", — განაცხადა ბაღათურიამ, რომელიც აქციაზე მივიდა როგორც მართლმადიდებლური რელიგიის წარმომადგენელი.
უკრაინის ხელისუფლება ნაციონალისტების ქმედებების მხარდაჭერას საკანონმდებლო დონეზე აპირებს, აღნიშნა მან.
"უკრაინის რადამ დაიწყო კანონპროექტის განხილვა, რომელიც სამართლებრივ საფუძველს ქმნის იმისთვის, რათა ნაციონალისტებმა ეს ეკლესიები მიისაკუთრონ", — განმარტა ბაღათურიამ.
აქციის მონაწილეებმა რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას და მართლმადიდებლური სჯულის ყველა მიმდევარს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
"უკრაინაში სახელმწიფო დონეზე მიმდინარეობს მართლმადიდებლური ეკლესიის დევნა აშშ-ის პოლიტიკის სასარგებლოდ, რადგან ქვეყანაში კანონიკურ ეკლესიას რუსული მართლამდიდებლური ეკლესია წარმოადგენს. უკრაინაში პატრიარქი არ არსებობს. ეს პოლიტიკური საკითხია, რომელიც ცუდად დამთავრდება. თუ ეს უკრაინაში გავა, იგივეს გააკეთებენ საქართველოში. უკრაინის ხელისუფლების უკან დგას აშშ, რომლებსაც ამ ბანდიტურ ქმედებებთან დაკავშირებით არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია", — აღნიშნა ბაღათურიამ.
აქტივისტები უკრაინის ხელისუფლების მისამართით პეტიციის გაგზავნას გეგმავენ მოთხოვნით – რეაგირება მოახდინონ უკრაინაში მართლმადიდებელთა დევნაზე.