აფბა: სოფლის მეურნეობაში ინვესტირება მიწის იჯარით გაცემის შემთხვევაშიც შესაძლებელია

გამოწერა
საქართველოს პრემიერის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს კონსტიტუციით აეკრძალებათ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწების შეძენა.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვის კონსტიტუციაში დაფიქსირება ხელისუფლების მხრიდან სწორი ნაბიჯი იქნება, მიაჩნია არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ (აფბა) ანალიტიკოსს ბაჩანა ჯინჭარაძეს.

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვის კონსტიტუციაში დაფიქსირება ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობის სურვილიცაა და სწორი გადაწყვეტილებაც. ამ ეტაპზე საკონსტიტუციო აკრძალვა სწორი ნაბიჯია, ხოლო 10-20 წლის შემდგომ საკითხის მიმართ იმ დროს არსებული სიტუაციით ვიმსჯელებთ", – აღნიშნა ბაჩანა ჯინჭარაძემ „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას.
ანალიტიკოსის განცხადებით, უცხოელების მხრიდან სასოფლო-სამეურნეო მიწებით სარგებლობის უამრავი კარგი ევროპული მაგალითი არსებობს და აუცილებელია მათი გამოცდილების გათვალისწინება.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, კონსტიტუციაში გაკეთდება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება არ იქნება შესაძლებელი იმ პირზე, ვისაც არ გააჩნია საქართველოს მოქალაქეობა.

ბაჩანა ჯინჭარაძის აზრით, საქართველოს ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტიციების შემოდინების შემაფერხებელი ფაქტორი არ უნდა გახდეს, რადგან თუ უცხოელებს ინვესტიციის განხორციელება სურთ, შეუძლიათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გრძელვადიანი იჯარით აღება.

„საქსტატის" ცნობით, 2017 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ სოფლის მეურნეობის სექტორში ნული დოლარი შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0