გულში მზიანი ადამიანი...

© photo: Sputnik / Нина Зотина / გადასვლა მედიაბანკშისლავა პოლუნინი
სლავა პოლუნინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენ აივანზე ამობრძანებულებს გარანტიას გაძლევთ და გპირდებით, რომ მართლა შესანიშნავ ხასიათზე დადგებით, რადგან ჩვენ გვესტუმრება განსაკუთრებული, დადებითი აურის მატარებელი, კეთილი და მზიანი ადამიანი, რომლის დანახვისას დიდებსაც და პატარებსაც ყველა პრობლემა ავიწყდებათ…

ეს გახლავთ რეჟისორი, მსახიობი, კლოუნი და მიმი, კლოუნადის თეატრ "ლიცედეების" ერთ-ერთი შემქმნელი ვიაჩესლავ (სლავა) პოლუნინი, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1950 წლის 12 ივნისს.

ყველა, ვინც პირადად იცნობს პოლუნინს, ერთხმად აღნიშნავს, რომ იშვიათად თუ შეხვედრიან ადამიანს, რომელიც ასეთი რაოდენობით ასხივებს სითბოს და პოზიტივს.

მას მოვლილი აქვს გასტროლებით თითქმის მთელი მსოფლიო. გამოდიოდა ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული თეატრების სცენებსა და ცირკების არენებზე. ინგლისში ის დააჯილდოეს წლის საუკეთესო სპექტაკლისთვის ლორენს ოლივიეს პრემიით. ედინბურგში მისი სპექტაკლი ფესტივალის საუკეთესო სპექტაკლად აღიარეს, მისი შოუები ლივერპულსა და დუბლინში საუკეთესო შოუებად გამოაცხადეს, ბარსელონაში კი კლოუნადის უმაღლესი პრემია მიიღო. არის ლონდონის საპატიო მოქალაქე.

მე მქონდა ბედნიერება დავსწრებოდი მოსკოვში მის წარმოდგენას SnowShow და საოცარი სიამოვნება მივიღე. ისეთი არაჩვეულებრივი კოლექტივი ჰყავს შემოკრებილი თავის ირგვლივ… უყურებ და გრძნობ, რამხელა სიამოვნებას იღებენ იმისგან, რომ სიამოვნებას ანიჭებენ მაყურებელს.

სხვათა შორის პოლუნინს ბედნიერების საკუთარი რეცეპტები აქვს, რომელსაც დიდი სიამოვნებით უზიარებს ყველას. მისთვის ბედნიერების ერთ-ერთი მთავარი რეცეპტია — შენ ირგვლივ ის ადამიანები შემოიკრიბო, ვისი გულში ჩახუტებაც გაგიხარდება.

კიდევ ვიაჩესლავ პოლუნინი ყველას ურჩევს — არასდროს არ აკეთონ ის, რაც არ უყვართ, არასდროს არ ისაუბრონ ცუდ თემებზე და ეცადონ გადააქციონ ცხოვრება ხელოვნების ნიმუშად.

ერთ-ერთ ინტერვიუში პოლუნინმა მოყვა, რომ 50 წლამდე საკუთარი სახლი არ ჰქონდა და ბოლოს გადაწყვიტა შეეძინა სახლი, უმთავრესად მეუღლის ხათრით. დიდხანს ფიქრობდა, რომელ ქალქში აეშენებინა სახლი. ბოლოს შეარჩია პარიზის გარეუბანი და რატომღაც ყვითელი ფერის წისქვილიანი სახლი. თანაც ყველა ოთახს თავისი სახელი აქვს, მაგალითად, ერთ-ერთს ჰქვია "ბებიასთან", რომელშიც ძველი ნივთებია განთავსებული, საბავშვო ოთახს კი ჰქვია "ზღაპრების კოშკი". პოლუნინის სახლი მდებარეობს მდელოზე, რომელზეც ბალახი ფერს იცვლის. პოლუნინმა ეს თავად მოიგონა და თავად დარგო ეს ბალახები, რადგან მებაღეებს არ სჯეროდათ, რომ მისი ამ ფანტაზიის შესრულება რეალურად შესაძლებელი იყო.

პოლუნინი თვლის, რომ ადამიანი უნდა იყოს ბედნიერი და აბსოლუტურად გულწრფელად აცხადებს, რომ ის ბავშვობიდან ყოველთვის ბედნიერი იყო. არც ერთხელ არ უგრძნია თავი უბედურად, თუმცა ბევრი რამ გადაუტანია ცხოვრებაში. ის თვლის, რომ სიამოვნება უნდა მიიღო ყოველი დღისგან და ყოველთვის ხედავდე შენ წინ პატარა იმედის ვარსკვლავს…

ალბათ მართლა რა ბედნიერებაა – იყო ამდენად პოზიტიური ადამიანი…

გისურვებთ ლამაზ, ბედნიერ და ვიაჩესლავ პოლუნინივით მზიან დღეს!

 

ყველა ახალი ამბავი
0