თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. ტრიპ-როკის ცნობილი რუსი შემსრულებლის, ლინდას კონცერტი, რომელიც თბილისში 24 ივნისს უნდა ჩატარებულიყო, შემოდგომაზეა გადატანილი.
გადატანის მიზეზია — ტექნიკური სირთულეები, იუწყება კონცერტის ორგანიზატორი, კომპანია Locomotivе Promotion-ი.
"ყურადღება! გარკვეული ტექნიკური სირთულეების გამო, ლინდას კონცერტი ჩატარდება შემოდგომაზე. უახლოეს მომავალში შეგატყობინებთ ზუსტ თარიღს და სხვა დეტალებს, ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. ჩვენ როგორც ყოველთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ჩვენი მსმენელი არ გავაწბილოთ", — ნათქვამია Locomotivе Promotion-ს განცხადებაში.
ლინდას გამოსვლა დაგეგმილი იყო ღამის კლუბ Elektrowerk-ში, რომელიც ელექტროძრავების ძველი ქარხნის შენობაში მდებარეობს. მომღერალს უნდა შეესრულებინა ძველი ჰიტები და ბოლო ალბომის კომპოზიციები.
მომღერალი, პოეტი და მხატვარი ლინდა (ნამდვილი სახელი სვეტლანა გეიმანი) — დაიბადა ქალაქ კენტაუში (ყაზახეთი), მუსიკალური კარიერა 1990-იან წლებში დაიწყო. ასრულებს ეთნიკური სტილის და ელექტრონულ მუსიკას, თუმცა ლინდას შემოქმედებას უფრო ხშირად ტრიპ-როკის ჟანრს აკუთვნებენ.
თავდაპირველად ლინდას სიმღერებისთვის მუსიკას კომპოზიტორი მაქსიმ ფადეევი წერდა. მასთან განშორების შემდეგ ლინდამ სიმღერების წერა დამოუკიდებლად დაიწყო, ასევე თანამშრომლობდა ევგენი პოზდნიაკოვთან.
მომღერლის ალბომები რუსეთში სამმილიონიანი ტირაჟით გაიყიდა, მათ შორისაა „Песни тибетских лам“ – 250 000, „Ворона" – 1,5 მილიონი, „Ворона. Remake & Remix" – 500 000, „ლინდა" – 100 000, „АтакА" – 500 000, „АлеАда" — 125000.