თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. ბათუმის ბულვარზე მდგომი ქანდაკება „ალი და ნინო", მსოფლიოს ყველაზე მაგარი ქანდაკებების 15-ეულში მოხვდა — ინგლისურენოვანი ვებ-გვერდის brightside.me-ს ვერსიის მიხედვით.
სტატიაში „15 მაგარი ქანდაკება, რომელთა არსებობა თქვენთვის დაუჯერებელი იქნება" (15 Cool Sculptures You Wont"t Believe Actually Exist"), „ალი და ნინომ" მე-15 ადგილი დაიკავა.
სიის პირველ სამეულშია ქანდაკება „საოცრებათა ქვეყანა" (კანადა), „კარმა" და „უკანასკნელი ვახშამი" (აშშ).
სკულპტურა „ალი და ნინო" ასახავს ყურბან საიდის ნაწარმოების გმირებს — აზერბაიჯანელ ჭაბუკ ალის და ქართველ გოგონა ნინოს, რომლებსაც ერთმანეთი შეუყვარდათ. ქანდაკების ავტორი ცნობილი მოქანდაკე თამარ კვესიტაძეა.
ალის და ნინოს შვიდმეტრიანი სკულპტურები ყოველ საღამოს ერთმანეთისკენ იწყებენ მოძრაობას, სანამ ბოლომდე არ შეერწყმებიან ერთურთს და შემდეგ კვლავ შორდებიან. მერე კი ისევ ყველაფერი თავიდან იწყება…
brightside.me ერთ-ერთი მსხვილი მედიაგამოცემაა, რომელსაც Facebook-ზე 138 მილიონი ხელმომწერი ჰყავს. მხოლოდ მარტში ამ ვებ-გვერდს 230 მილიონი დამთვალიერებელი ეწვია.