ნინი რაზმაძე
— გავიზარდე გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში, იქ დავამთავრე საჯარო სკოლა. ხშირად ვფიქრობ და ალბათ არც ვცდები, რომ ჩემი რაიონი განსაკუთრებულია. მე ბავშვობის საუკეთესო წლები ბაკურციხეში გავატარე. მყავდა საუკეთესო მასწავლებლები, კლასელები, ალბათ, მათ გამო იყო ჩემი ბავშვობა ასეთი ლაღი და ბედნიერი. კლასელებთან ერთად ხშირად დავდიოდი ახლომდებარე მთებში სალაშქროდ, თითქმის მთლიანი საქართველო გვაქვს მოვლილი. ჩვენ ერთად ვთამაშობდით, ფრენბურთს, ფეხბურთს და სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში ვიყავი ჩართული. მოკლედ, რაიონში გასართობს ნამდვილად ნახავ, მთავარია გქონდეს ამის სურვილი.
- რამდენი ხანია რაც მწყერის ფერმა გაქვს?
— ჩემი და მწყერების ურთიერთობა ბავშვობაში დაიწყო, ოღონდ მაშინ ვცდილობდი ბიძაჩემის ნანადირევიდან გადარჩენილები გამომეჯანმრთელებინა. ხან გამომდიოდა, ხან არა. მას შემდეგ გავიდა წლები… ორი წლის წინ კი უკვე აქტიურად დავიწყე მათი მოშენება და დავრწმუნდი, რომ მწყერის და მისი კვერცხის დადებითი თვისებების შესახებ რასაც წერდნენ, მითი არ ყოფილა. ამიტომ მახარებს ის ფაქტი, რომ ჩემი ფერმის პროდუქციის წყალობით, შემიძლია დავეხმარო იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს პროდუქტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ეს ფერმა ჩემი შემოსავლის წყაროა, მსურდა მქონოდა საკუთარი შემოსავალი და ჩემი სწავლის საფასური ნაწილობრივ მაინც დამეფარა.
- როდესაც თბილისში ხარ ვინ უვლის გურჯაანში მწყერებს?
— რადგანაც სტუდენტი ვარ და სწავლის გამო ვერ ვახერხებ გურჯაანში ხშირად ჩასვლას, სოფელში დედა და რამდენიმე ქალბატონი მეხმარება. როცა იქ არ ვარ, პროდუქტის რეალიზაციას ვახდენ და საბუთების საქმეებსაც ვაგვარებ.
- თავიდან ყველაზე დიდი სირთულე რა იყო შენთვის?
— თავდაპირველად მწყერების მოვლა ძალიან მიჭირდა. არ მქონდა სპეციალური გალიები, რაც ერთიორად მირთულებდა საქმეს. მწყერი გარეული ფრინველია და რა თქმა უნდა, სანამ მათი მოვლის სპეციფიკას გავეცნობოდი, დიდი დრო და ენერგია დამჭირდა. გარდა ამისა, ასაკის გამო ბევრი ეჭვის თვალით მიყურებდა. მეგობრები იცინოდნენ ჩემს ახალ გატაცებაზე, თუმცა, მეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი გამომივიდოდა. რა თქმა უნდა, ეს პატარა გამხნევება ჩემთვის დიდი სტიმული აღმოჩნდა.
- ამ ეტაპზე რამდენი მწყერი გყავს?
— ახლა 1000-მდე მწყერი მყავს და ვაპირებ ბიზნესი კიდევ უფრო გავაფართოვო.
- სად ახდენ კვერცხების რეალიზაციას?
— კვერცხების რეალიზებას, ძირითადად თელავში, გურჯაანსა და თბილისში ვახდენ.
- რთული არაა სწავლის და მუშაობის შეთავსება?
— ხანდახან კი, თუმცა, ვცდილობ ისე დავგეგმო, რომ ჩემს მთავარ საქმიანობაში, სწავლას ვგულისხმობ, ხელი არ შემეშალოს.
- რას ეტყვი იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სოფელს ტოვებენ და თბილისში მოდიან სამსახურის საძებნელად?
— ძალიან მიხარია, როდესაც მიკავშირდებიან ახალგაზრდები და ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, რჩევებს მთხოვენ. ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ცუდ საქმეს არ ვაკეთებ. ზოგისთვის მაგალითი ვარ, ზოგისთვის უბრალოდ ფერმერი სტუდენტი. ვფიქრობ, რომ ყველაზე ცუდი უსაქმურობაა და ახალგაზრდებს ვურჩევ, ნუ დაკარგავენ ამ საუკეთესო წლებს არაფრის კეთებაში.