თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა ბესიკ კუპრაშვილის მიმართ, რომელსაც "კანონიერი ქურდობა" ბრალდებოდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
სამართალდამცველებმა კუპრაშვილი ხუთი თვის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ერთ-ერთი ევროპული ქვეყნიდან დეპორტაციის შემდეგ დააკავეს.
"ბესიკ კუპრაშვილის მიმართ დაუსაბუთებელი იყო ბრალი, არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა მის მიმართ, შესაბამისად, სასამართლომ მიიღო ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილება გამამართლებელი განაჩენის სახით", — განაცხადა მისმა ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა.
პირველი არხის ინფორმაციით, "კანონიერმა ქურდმა" საქართველო უკვე დატოვა.
38 წლის ბესიკ კუპრაშვილი, რომელიც წარმოშობით ქუთაისიდანაა, საქართველოსა და იტალიაში ორჯერ არის ნასამართლევი.
ბესიკ კუპრაშვილი საქართველოში 2004 წელს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 151-ე, 187-ე და 353-ე მუხლებით გაასამართლეს ("საქართველოში ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა", "მუქარა", "ნივთის დაზიანება ან განადგურება", " წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ").
ბოლოს სასჯელს იტალიის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდიდა. იტალიაში საპატიმრო 2016 წელს დატოვა და თბილისში დეპორტაციის შემდეგ ჩამოვიდა.
მუხლი "ქურდული სამყაროს წევრობა" და "კანონიერი ქურდობა" საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს, 2005 წელს გაჩნდა. მაშინ ორგანიზებულ დამნაშავეობას, ფაქტობრივად, ომი გამოუცხადეს.
"ქურდული სამყარო" სპეციფიკური კრიმინალური სტრუქტურაა, რომელიც მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მოქმედებს. ე.წ. კანონიერ ქურდებს დამნაშავეთა სამყაროს იერარქიაში უმაღლესი მდგომარეობა უკავიათ და ამ სტატუსის მიღება რამდენიმე მოქმედი "კანონიერი ქურდის" რეკომენდაციით "კურთხევის" ცერემონიაზე შეუძლიათ. ქურდები, ტრადიციულად, ე.წ. გაგებით — წესების ნაკრებით ხელმძღვანელობენ, რომელთა დარღვევა "კანონიერი ქურდის" სტატუსის ჩამორთმევას იწვევს.