8 ივნისიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი ფილმების პრემიერები გაიმართება:
„მუმია“ (The Mummy) — ჯონ სპეიტსისა და კრისტოფერ მაკკუორის სცენარით გადაღებული რეჟისორ ალექს კურტცმანის სათავგადასავლო ბლოკბასტერი, ასევე 1999 წლის იმავე სახელწოდების ფილმის რიმეიკი. მთავარ როლებში — ტომ კრუზი, სოფია ბუტელა, ანაბელ უოლისი და რასელ კროუ. უდაბნოში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარებისას სამხედროები აღმოაჩენენ უძველეს სარკოფაგს და მის შესწავლას გადაწყვეტენ. თუმცა, მალე გაირკვევა, რომ სარკოფაგში ორი ათასწლეულის წინ ცოცხლად დაუმარხავთ პრინცესა აჰმანეტი — ფარაონის ქალიშვილი, რომელსაც საკუთარი მამა მოუკლავს და რომელიც ამ სამყაროს მთელ თავის ბოროტებას და წყენას დაატეხს.
საინტერესო ფაქტები: უწონადობის სცენა გადაღებულია ნამდვილ თვითმფრინავში, რომელშიც 13 კილომეტრის სიმაღლეზე უწონადობის შეგრძნების შესაქმნელად 20 წამით ითიშებოდა ძრავა. სცენა ამ წამებშია გადაღებული. ამ დროს ტომ კრუზისა და ანაბელ უოლისის გარდა, ყველას გულყრა ემართებოდა. საბოლოო ჯამში მსახიობები კმაყოფილი დარჩნენ იმით, რომ სცენა კომპიუტერული გრაფიკის გარეშე გადაიღეს.
„მანიფესტო“ (Manifesto) — რეჟისორ ჯულიან როუზფელდტის გერმანულ-ავსტრალიური დრამა კეიტ ბლანშეტით მთავარ როლში. ფილმი XX საუკუნის ხელოვნების ისტორიაში ექსკურსიას წარმოადგენს. ფილმში ნახავთ მალევიჩს და ჯარმუშს, კანდინსკის და გოდარს. მათ ცნობილ მანიფესტებს 13 თანამედროვე ქალი წარმოთქვამს. ვერნისაჟი, დაკრძალვა, საოჯახო ვახშამი, ნაგავსაყრელი, ახალი ამბების სტუდია და პანკ-წვეულება — ეს ყველაფერი გახდება პლატფორმა 13 ამაღელვებელი გამონათქვამისათვის თავისუფლებაზე, ნოვატორობაზე, პოლიტიკაზე, ხელოვნებაზე, სიყვარულსა და სიკვდილზე.
საინტერესო ფაქტები: კეიტ ბლანშეტმა ფილმში 13 განსხვავებული პერსონაჟი ითამაშა. ფილმის გადაღება 2014 წლის დეკემბერში მიმდინარეობდა და 12 დღე გაგრძელდა. შემჭიდროებული ვადების გამო, გადამღები ჯგუფი, ზოგჯერ ერთ დღეში კეიტ ბლანშეტის ორ როლს იღებდა.
გასული კვირიდან თბილისის ეკრანებზე გამოვიდა რეჟისორ პეტი ჯენკინსის სუპერგმირული ფილმი „ქალი-საოცრება" (Wonder Woman) და რეჟისორ სეტ გორდონის ამერიკულ-კომედიური ფილმი „მაშველები" (Baywatch).
თბილისის კინოთეატრებშია — რეჟისორ მარკ უების ამერიკული დრამა "განსაკუთრებული" (Gifted) კრის ევანსით მთავარ როლში, ამერიკული სათავგადასავლო ფილმი "კარიბის ზღვის მეკობრეები: მკვდრები ზღაპრებს არ ჰყვებიან" და რიდლი სკოტის ამერიკული სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმი "უცხო: კოვენანტი" (Alien: Covenant).
უქმეებზე თბილისის კინოთეატრებში ასევე ნახავთ: რეჟისორ გაი რიჩის სათავგადასავლო ფილმს "მეფე არტურის ხმალს" (King Arthur: Legend of the Sword), რეზო გიგინეიშვილის თრილერს "მძევლები" და ასევე ქართველი რეჟისორის, გიორგი ღაჭავას დრამას "მტრები".
მულტფილმები ბავშვებისათვის - რეჟისორ რობ ლეტერმანის და დევიდ სორენის ამერიკული კომპიუტერულ-ანიმაციური კომედიური ფილმი "კაპიტანი ტრიკო" (Captain Underpants), "ყარყატის თავგადასავალი"(Richard the Stork) და მარლა ფრეიზის წიგნის მიხედვით გადაღებული მულტფილმი "პატარა ბოსი" (The Boss baby).
სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!