ტანსაცმლის ახალი ქართული ბრენდი ELLI - Georgian Designer

© FB/Elli Kapanadzeელენე კაპანაძე
ელენე კაპანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა

სოციალურ ქსელში გამოჩნდა სამოსის ახალი ბრენდი ELLI — Georgian Designer. ჟურნალისტმა ელენე კაპანაძემ დიზაინის სფეროშიც მოსინჯა ძალები.

თავდაპირველად კაბის რამდენიმე ნიმუში შექმნა, რომლებმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ეს მისთვის სტიმულის მიმცემი გახდა და აქტიურად ჩაერთო დიზაინის სფეროში.

დამწყები დიზაინერი "sputnik-საქართველოს" თავისი საქმიანობის შესახებ ესაუბრა.

© FB/Elli Kapanadzeდიზაინერი ელენე კაპანაძე
დიზაინერი ელენე კაპანაძე - Sputnik საქართველო
დიზაინერი ელენე კაპანაძე

— ამ საქმით როდის დაინტერესდით?

— დაახლოებით 7 წელია, რაც სამოსის დიზაინმა გამიტაცა. თავდაპირველად მხოლოდ ჩემთვის ვიკერავდი ტანსაცმელს, თუმცა შემდეგ სხვა ადამიანებიც დაინტერესდნენ და, აქედან გამომდინარე, გამიჩნდა სურვილი, ჩემი გატაცება შემოსავლის წყაროდ მექცია. ამ სფეროს მიმართ დაინტერესება დედაჩემის დამსახურებით გამიჩნდა, რომელიც არაჩვეულებრივად კერავს. პატარაობიდან ვუყურებდი, როგორ ქმნიდა თავისთვის სამოსს და აღტაცებული ვიყავი მისით.

— ბავშვობაშიც კერავდით?

— ბავშვობაში ძალიან მიყვარდა თოჯინებისთვის ლამაზი კაბების შექმნა, თუმცა, გაგიკვირდებათ და ისე ვქმნიდი მათთვის ტანსაცმელს, ნემს და ძაფს არ ვიყენებდი. ქსოვილს ერთმანეთს ვაბამდი და სასაცილო კაბებიც გამოდიოდა, თუმცა ყველას ძალიან მოსწონდა.

© FB/ ELLI • Georgian Designerელენე კაპანაძის ნამუშევარი
ელენე კაპანაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ელენე კაპანაძის ნამუშევარი

— კერვა პროფესიონალურ დონეზე შეისწავლეთ თუ თვითნასწავლი ხართ?

— თვითნასწავლი ვარ, თუმცა თავიდან ძალიან მეხმარებოდა პროფესიული გამოცდილების მქონე ადამიანი — დედაჩემს ვგულისხმობ. ამან დიდი გავლენა იქონია ჩემ მიერ შექმნილი სამოსის ხარისხზე და დიზაინზე. მაქსიმალურად ვცდილობ, საკუთარ თავზე გამუდმებით ვიმუშაო და განვვითარდე. ეს არ მაძლევს მოდუნების საშუალებას.

— როდის გადაწყვიტეთ, რომ გატაცება შემოსავლის წყაროდ გექციათ?

— ერთ დღეს გავიგე მაღაზიის შესახებ, სადაც დამწყებ დიზაინერებს აძლევდნენ შანსს, რომ მათი ნამუშევრები საზოგადოებას გაეცნო. ძალიან გამიხარდა. პირველი კაბაც სწორედ იქ მივიტანე და მალევე გაიყიდა. ამან დიდი სტიმული მომცა და ჩემი თავი დიზაინის სფეროში დამანახა.

© ელენე კაპანაძის პირადი არქივიელენე კაპანაძის ნამუშევარი
ელენე კაპანაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ელენე კაპანაძის ნამუშევარი

— როგორ ფიქრობთ, გაამართლა იდეამ? რამდენად მარტივი იყო ქართველი მომხმარებლის გულის მოგება?

— გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი ინსპირაციის წყარო ქართული წარწერები იყო, მალევე აიტაცეს და, მიმაჩნია, რომ გაამართლა. ამასთან ერთად საკმაოდ მომგებიანიც აღმოჩნდა. ქართველი საზოგადოება ძალიან გემოვნებიანია, ჩვენებურებს უყვართ, როდესაც ორიგინალურად აცვიათ და ამ მხრივ ამართლებს ეს საქმიანობა. ყველაფერს მცირე რაოდენობით ვკერავ. მინდა ჩემი შექმნილი ტანისამოსი ინდივიდუალური და განსხვავებული იყოს.

— რა ტიპის ტანსაცმელს ქმნით?

— თავდაპირველად ქალის კაბებსა და მაისურებს ვკერავდი, რასაც შემდეგ ტყავზე დაპრინტული ბროშებიც დაემატა. ტყავზე მუშაობა ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა, რამაც ძალიან გამიტაცა.

ძალიან მინდა ბავშვების ხაზის დამატება და იმედი მაქვს, მალე შევიტან ამ სიახლეს. აი მამაკაცის სამოსზე კი ჯერჯერობით არ მიფიქრია, რადგან მოთხოვნა დიდი არ არის.

© ელენე კაპანაძის პირადი არქივიელენე კაპანაძის ნამუშევარი
ელენე კაპანაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ელენე კაპანაძის ნამუშევარი

 

— თქვენ ასევე გატაცებული ხართ ხელნაკეთი ნივთების, სამკაულების შექმნით. ძირითადად რა ნივთებს ქმნით და რა მასალით?

— ვმუშაობ ტყავზე, ვაკეთებ ბროშებს, საყურეებს, რაც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. რამდენიმე ჩანთის მოდელიც მაქვს შექმნილი.

— თქვენი საყურეები სხვადასხვა ნახატებითაა გაფორმებული. თქვენი მოხატულია?

— პატარაობიდან მიყვარდა ხატვა. თუმცა, რომ გითხრათ, ძალიან კარგად ვხატავ-მეთქი, მოგატყუებთ. როდესაც რაიმე ძალიან მომწონს, ვცდილობ დავხატო. რამდენიმე მცდელობის შემდეგ უკვე ლამაზი გამოდის. უმეტესად მოდელების ჩანახატები მიყვარს.

© ელენე კაპანაძის პირადი არქივიელენე კაპანაძის ნამუშევარი
ელენე კაპანაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ელენე კაპანაძის ნამუშევარი

— სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

— ძალიან მინდა ჩემი პატარა კუთხე მოვაწყო, თუნდაც პატარა მაღაზია. ამისთვის ბევრს ვმუშაობ. დიდი სურვილი მაქვს, რომ ატელიე გავხსნა, სადაც ყველასთვის შეიქმნება სასურველი დიზაინის მოდელი. ვაგროვებ თანხას და სამომავლოდ აუცილებლად გავაფართოებ ჩემ მცირე ბიზნესს.

 

ყველა ახალი ამბავი
0