თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (63) ჩეხეთში АТР Challenger-ის სერიის ტურნირის პირველ წრეში მოულოდნელად დამარცხდა, იუწყება ტურნირის ოფიციალური ვებ-გვერდი.
მესამე ნომრად განთესილი ქართველი ჩოგბურთელი ორ სეტში ანგარიშით 2:6, 4:6 ამერიკელ ტენის სანდგრენთან (113) დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ მეორე პარტიაში ბასილაშვილმა ორი ბრეიკი გააკეთა და ანგარიშით 4:1 იგებდა. თუმცა, ამის შემდეგ ზედიზედ ხუთი გეიმის წაგება მოახერხა. ფაქტობრივად, ქართველი ჩოგბურთელი არ იბრძოდა და ზოგიერთ მომენტში არც კი უცდია გაკიდებოდა ბურთს.
შესაძლოა, ბასილაშვილი გონს არ მოსულა "როლან გაროსის" მესამე წრეში განცდილი მარცხის შემდეგ, როდესაც საათნახევარში რაფაელ ნადალთან წააგო (0:6, 1:6, 0:6).
ტურნირი ჩეხეთში 10 ივნისამდე გაგრძელდება, მისი საპრიზო ფონდი 127000 ევროს შეადგენს.