მსოფლიო ჰიტებზე ქართული ქავერების ტოპ-ათეული

© FB/ Bani.Officialჯგუფი Bani
ჯგუფი Bani - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყურადღებას იქცევს ქართული ქავერები ისეთი ჯგუფების ცნობილ სიმღერებზე, როგორებიცაა Nirvana, Radiohead, Aerosmith, Ленинград და სხვა.

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. საიდუმლო არ არის, რომ ქართველები შესანიშნავად მღერიან, მაგრამ როგორ ასრულებენ ისინი მსოფლიოში ცნობილ ჰიტებს, განსაკუთრებული ქართული აქცენტითა და ხიბლით — ცალკე თემაა, რადგან ეს სიმღერები ორიგინალური, გამორჩეულად ქართული და ქართული შარმით აღსავსეა.

„Sputnik-საქართველომ" მსოფლიო ჰიტების შთამბეჭდავი ქართული ქავერების ტოპ-ათეული მოამზადა, ასე რომ, უსმინეთ და დატკბით!

ამერიკული როკ-ჯგუფ Nirvana-ს საკულტო სიმღერის Smells like teen spirit-ის ქართულმა ვერსიამ a cappella შესრულებით 2016 წლის ზაფხულში ინტერნეტი დაიპყრო. მას Youtube-ში 24 საათში 27 ათასი ნახვა ჰქონდა. ქავერი გაფორმებულია ჯგუფის სოლისტ კურტ კობეინის ფოტოკოლაჟით ჩოხაში. სიმღერა შეასრულეს დავით მეტრეველმა, გიორგი ამბარდნიშვილმა, ირაკლი კოდალაშვილმა (ჯგუფი „მძლევარი") და მუსიკალური პროექტ X–Factor-ის  ქართული ვერსიის პირველი სეზონის ფინალისტმა მიშო ელიავამ.

პოპულარულმა ფოლკ-ჯგუფმა „ბანი" შემოგვთავაზა საკულტო ამერიკული სერიალის „სამეფო კარის თამაშების" მთავარი საუნდტრეკის თავისი ქავერ-ვერსია. ირანელ-გერმანელი კომპოზიტორის რამინ ჯვალის მელოდია ქართულმა ჯგუფმა ტრადიციულ ქართული მრავალხმიანობითა და ეროვნული საკრავების თანხლებით შეასრულა. ქავერ-ვერსიის კლიპი ლეგენდარული სერიალის ტელეარხ GDS-ზე გასვლის წინ სარეკლამო აქციის ფარგლებში ჩაწერეს. კომპოზიციაში ჟღერს სალამური, გარმონი, ფანდური, დოლი და, რა თქმა უნდა, ცნობილი ქართული მრავალხმიანობა.

ანტონიო ბანდერასის ჰიტის Desperado (Cancion del Mariachi) აბსოლუტურად სამოყვარულო, მაგრამ უაღრესად ნიჭიერი და სახალისო შესრულება.

ჯგუფ Кино-ს სიმღერა Печаль GeoFolk Band-ისა და გიორგი მარგველაშვილის შესრულებით. კომპოზიციაში ჟღერს ქართული საკრავი ფანდური (ტატო ზანანაშვილი), ვიოლინო (შოთა ბერაძე) და გიტარა (დავით დვალაძე). ვოკალი — დავით დვალაძე, გიორგი ცერცვაძე და ლევან შველიძე. იდეის ავტორები ამბობენ, რომ მათ მიზნად არ ჰქონიათ ლეგენდარული ვიქტორ ცოის სიმღერის ბრმა კოპირება, არამედ სურდათ მისი ქართულ, მრავალხმიან მანერაში შესრულება.

ჯგუფ Radiohead-ის სიმღერაზე Everything in its right place ქავერი — ძალზე ორიგინალური და თვითმყოფადი. მღერის ქართული საეკლესიო გუნდი „ტაო".

საუნდტრეკი რეჟისორ გიორგი დანელიას ფილმიდან „ქინ-ძა-ძა!" (კომპოზიტორი გია ყანჩელი) ანსამბლ „ირიაოს" მიერ ძალზე საინტერესო მანერით შესრულებული. ვოკალისტები — მიხეილ ჯავახიშვილი, ბიძინა მურღულია და გიორგი აბაშიძე.

მებო ნუცუბიძემ შეასრულა Radiohead-ის ჰიტი Street Spirit უკრაინულ ვოკალურ პროექტში The Voice Ukraine 2015.

ჯგუფ Ленинград-ის ვიდეოკლიპი Экспонат, რომელმაც რუსული ინტერნეტ-სივრცე „ააფეთქა", იტალიურ ვერსიასთან ერთად, ქართული რიმეიკითაც აჟღერდა სახელწოდებით „ლაბუტენებზე, ვახ!". ვიდეო „ლაბუტენებზე, ვახ!" ქართული მრავალხმიანობის სტილში, რომელსაც ჯგუფი „თუმანი" ასრულებს, „ლენინგრადის" ოფიციალურ არხზე Youtube-ში 6 თებერვალს გამოქვეყნდა. ქართულ 54-წამიან ვერსიაში მთაზე ორი ქართველი ბუნებით, ღვინითა და სუფრით ტკბება. უკანა პლანზეა „ლაბუტენის" ფეხსაცმლიანი გოგონა, რომელიც ეროვნულ ქართულ ხალიჩაშია გახვეული.

ნომერი რუსეთის პირველი არხის შოუდან Голос. ტურში „ვოკალური შეჯიბრება" სიმღერას ასრულებენ გიორგი მელიქიშვილი და ნოდარ რევია. სიმღერა Туда მიხეისა და ჯუმანჯის რეპერტუარიდან.

 

ამერიკული როკ-ჯგუფ Aerosmith-ის უკვდავი ჰიტი Dream on ქართული მრავალხმიანობით. ასრულებენ GeoFolk Band-ის წევრები. ეს ქავერი თავად სტივენ ტაილერმა და ჯგუფის სხვა წევრებმა შეაფასეს. 20 მაისს, საქართველოში კონცერტის წინ მათ ეს ვიდეო Facebook-ის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე განათავსეს.

ყველა ახალი ამბავი
0