ბრიუგე ბელგიის უძველესი ქალაქია. ის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული და ზღაპრული ქალაქია ფერადი სახლებით, შუა საუკუნეების არქიტექტურითა და ძეგლებით, პირქუში კოშკებით, მწვანე სკვერებით, ულამაზესი ხიდებითა და არხებით. მას ტყუილად არ ეძახიან „ჩრდილოეთის ვენეციას’’.
ბრიუგე ბელგიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და დასავლეთ ფლანდრიის პროვინციის დედაქალაქია. ქალაქის ფართობი ჯამში 13,840 ჰექტარს აჭარბებს, მხედველობაში თუ მივიღებთ 1,075 ჰექტარსაც, რომელსაც ზეებრუგე (სანაპირო ზოლი, ითარგმნება, როგორც "ბრიუგე ზღვაზე") მოიცავს. ქალაქის ისტორიული ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შედის, ოვალური ფორმისაა და 430 ჰექტარს შეადგენს. ქალაქის მოსახლეობა დაახლოებით 117,000 ადამიანია.
ბრიუგე საპორტო ქალაქია და იგი ამის გამო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკაში. ერთ დროს ის მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ კომერციულ ცენტრადაც მიიჩნეოდა. ბრიუგემ ქალაქის სახელწოდება 1128 წლის 27 ივლისს მიიღო და ამ პერიოდში აქ ახალი არხები და გალავანი აშენდა. დაახლოებით 1050 წლისათვის, ქალაქმა ზღვაზე პირდაპირი გასასვლელი დაკარგა, რადგან ეს სანაპირო ზოლი ნელ-ნელა შლამით დაიფარა. თუმცა, 1134 წელს მომხდარი შტორმისა და ცვინზე გაკეთებული არხის წყალობით ბრიუგემ ეს გასასვლელი აღიდგინა.
ამ ქალაქში ერთხელ მაინც უნდა მოხვდეთ, რომ თავი შუასაუკუნეებში და სიზმარში აღმოაჩინოთ. ქუჩები გაჟღენთილია ბელგიური ვაფლისა და შოკოლადის სუნით, დაუყვებით ქალაქს ფეხით და მდინარის გაყოლებაზე მწვანე მცენარეებში გახვეული ხიდები შეგხვდებათ, ძნელია, გვერდი გულგრილად აუაროთ ვიწრო, ფერადი სახლებით სავსე მყუდრო ქუჩებს და არ დატკბეთ ირგვლივ გამეფებული სიწყნარითა და სიმწვანით.
დღევანდელ სტატიაში ჩვენ გირჩევთ, თუ როგორ დაგეგმოთ ხელსაყრელ ფასად მოგზაურობა ბრიუგეში, როგორ დაჯავშნოთ სასტუმრო, რა უნდა გაითვალისწინოთ ამ ულამაზეს ქალაქში ყოფნისას და რა არ უნდა დაგრჩეთ უნახავი. მოკლედ, თუ თქვენ შოკოლადის, ლუდისა და ხელოვნების მოყვარული ხართ, „ჩრდილოეთის ვენეციას’’ აუცილებლად უნდა ესტუმროთ.
დაჯავშნეთ ბილეთები: თუ დროში არ ხართ შეზღუდული და წლის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაგეგმოთ მოგზაურობა ხელსაყრელ ფასად, მაშინ ინტერნეტის მეშვეობით, თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ უამრავი ვებ-გვერდი, რომელიც მრავალი ავიაკომპანიის ფასს ერთმანეთს ადარებს და მომხმარებელს პირველ რიგში სთავაზობს ყველაზე დაბალფასიან ვარიანტს. ხშირად შეამოწმეთ ავიაბილეთების ფასები, რომლებიც საკმაოდ ცვალებადია, და აუცილებლად მიაგნებთ თქვენთვის მისაღებ და ხელმისაწვდომ ბილეთს.
ზაფხულის თვეებში თბილისის აეროპორტიდან ბრიუსელის მიმართულებით ფრენას 330$-დან 356$ დოლარის ფარგლებში შეძლებთ. შემოდგომაზე კი უფრო ხელსაყრელ ფასად დაგეგმავთ მოგზაურობას, კერძოდ 221$-დან 297$-ის ფარგლებში, თურქეთის გავლით, ეკონომ კლასით. თუმცა, შეგახსენებთ, რომ ფასები საკმაოდ ცვალებადია. დღევანდელი მონაცემებით, ბრიუსელის მიმართულებით ფრენას ყველაზე ხელმისაწვდომ ფასებში Pegasus Airlines გთავაზობთ. აღნიშნული ავიაკომპანიის სერვისით სარგებლობისას ბილეთის ფასში შედის მცირე, 8 კგ-იანი ხელბარგი.
დაჯავშნეთ სასტუმრო/ჰოსტელი/ბინა: შემდეგი ნაბიჯი, თუ როგორ დავგეგმოთ იაფად მოგზაურობა ბრიუგეში, არის შედარებით იაფფასიანი საცხოვრებელი ადგილის შერჩევა და დაჯავშნა. ამისათვის, ესტუმრეთ hotelscombined.com ან booking.com, სადაც ორადგილიანი ნომრის ერთი ღამით დაქირავებას საშუალოდ 100 ლარიდან შეძლებთ. ნომრები აღჭურვილია უფასო wi-fi-ით, პლაზმური ტელევიზორით, სააბაზანოთი და, ზოგ შემთხვევაში, საუზმესაც მოგართმევენ.
თუ ოჯახი ან მეგობრები მიდიხართ სამოგზაუროდ, უკეთესია, აპარტამენტი აარჩიოთ, რადგან სივრცეც მეტია და უფრო იაფადაც ნახავთ ბინას. ესაა ჩვეულებრივი ბინა, ან ოთახი ბინაში, სასტუმროს მსგავსი მომსახურებით. აპარტანენტები შეგიძლიათ Airbnb.com- ზე შეარჩიოთ. დაახლოებით 25$-დან პატარა, კომფორტულ ბინას დაიქირავებთ ქალაქის ცენტრში უფასო wi-fi-ით, საკაბელო ტელევიზიით, მოსახერხებელი ოთახებით. რა თქმა უნდა, ყურადღება მიაქციეთ აპარტამენტის ვარსკვლავების რაოდენობას. ვარსკვლავები ბინის პირობებს, მის სისუფთავეს, მფლობელის კომუნიკაბელობას და მის სანდოობას ასხავენ.
აიღეთ სამოგზაურო დაზღვევა: ერთჯერადი სამოგზაურო დაზღვევა დღეში 1 ლარიდან ღირს. სამოგზაურო დაზღვევის შეძენა სადაზღვევო კომპანიების სერვის ცენტრებში შეგიძლიათ, აგრეთვე, ინტერნეტითაც, სახლიდან გაუსვლელად. ამ შემთხვევაში, კურიერი მას სახლში მოგართმევთ.
ბრიუსელში ჩაფრენის შემდეგ, ბრიუგეში გასამგზავრებლად ყველაზე მოსახერხებელი ტრანსპორტი მატარებელია. ქალაქის ცენტრში მდებარებს რკინიგზის მთავარი სადგური და ბრიუგემდე ჩასვლას დაახლოებით 1სთ და 30 წთ. სჭირდება. მატარებლის ბილეთების ყიდვა ინტერნეტით შეგიძლიათ, ან სადგურის სალაროებშივე.
ტრანსპორტი ბრიუგეში: შოკოლადის ბრიუგეს დასათვალიერებლად საუკეთესო გამოსავალი ფეხით გასეირნებაა. ქალაქი საკმაოდ პატარაა, არ ღირს ავტობუსის ბილეთის აღება და, თუ ფეხით გავლაც გიყვართ, ერთგვარი სიამოვნებაა მწვანეში ჩაფლულ ქუჩებში გასეირნება. ძნელია, თავი დააღწიოთ ქალაქის ულამაზეს ლაბირინთებს, სადაც ეს ვიწრო, ქვაფენილებიანი ქუჩები შეგიტყუებთ. ყველა შენობა განსაკუთრებულია და ყველა თავის ისტორიას გვიყვება. უძველესი მოედნები გარშემორტყმულია თანამედროვე კონსტრუქციებით, თითქოს ერთი ფეხი შუა საუკუნეებში გიდგათ, მეორეთი კი თანამედროვე ქალაქში დააბიჯებთ. ფეხით გასეირნება აუცილებელია მათთვის, ვინც პირველად სტუმრობს ბრიუგეს, მხოლოდ ასე შეიგრძნობს ამ ქალაქის ხიბლს მთელი გულით.
ბრიუგეში საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემა შედგება ავტობუსისა და ტრამვაის ხაზებისგან. აგრეთვე, ამ ქალაქის სილამაზით დატკბობა ნავებით და ბორნებითაც შეგიძლიათ, ქუჩებში კი ცხენები და ველოსიპედები ყოველ ნაბიჯზე ენაცვლებიან ერთმანეთს.
ბრიუგეში არსებობს ე.წ. Lijn Card. ამ ბარათზე ჩარიცხავთ თანხას და 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ ტრანსპორტში. ის 14€ ღირს და 3 დღიანი მომსახურება 12€ დაგიჯდებათ, ხოლო 5 დღიანი — 17€. მატარებლის სადგურიდან კი ქალაქში ცენტრში მისასვლელად 3€-ს გადაიხდით.
ბრიუგეს ტყუილად კი არ ეძახიან ჩრდილოეთის ვენეციას. შეგიძლიათ, იქირაოთ გონდოლა და 30-წუთიანი კრუიზი მოიწყოთ (სტანდარტული ტური).
ბრიუგეს საკმაოდ ცუდი რეპუტაცია აქვთ ამინდის მხრივ. მზიანი ამინდი თითქმის იშვიათობაა. სხვა დასავლეთ ევროპულ ქალაქებთან შედარებით, მას საკმაოდ ცივი და ნესტიანი კლიმატი აქვს. ივლისსა და აგვისტოშიც კი საშუალო ტემპერატურა 21 გრადუსია, ძალიან ხშირად წვიმს და ზამთარში მკვეთრად ეცემა ტემპერატურა. ამიტომ, წვიმებისთვის და სიცივისთვის ზაფხულშიც მზად უნდა იყოთ.
კვება: როგორც ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქალაქში, ბრიუგეში კვება საკმაოდ ძვირი ღირს. 2017 წლის ივნისის მონაცემებით
▪ ახალი, თეთრი პური (0.500კგ)- 4.40 ლარი
▪ ადგილობრივი ყველი (1კგ) – 31.15ლ.
▪ ქათმის ფილე(1კგ) –24.50ლ.
▪ ძროხის ხორცი (1 კგ) – 43.50ლ.
▪ ვაშლი (1კგ) – 4.85ლ.
▪ ბანანი (1კგ) – 4.67ლ.
▪ პომიდორი (1კგ) – 5.59ლ.
▪ კარტოფილი (1კგ) —3.30ლ.
▪ რძე (1ლ) – 2.40ლ.
▪ კვერცხი(12ცალი) – 6.15ლ.
▪ ბრინჯი (1კგ) –5.20ლ.
▪ კომბოსტო (1 თავი) —2.75ლ.
▪ წყალი(1.5ლ) – 2.25ლ
▪ კაპუჩინო — 7.25ლ
▪ ერთი კოლოფი მარლბორო —16.40ლ
▪ ადგილობრივი ლუდი (0.5ლ) —10.40ლ
იაფფასიან რესტორანში სადილობა, დაახლოებით, 41 ლარი დაგიჯდებათ.
ბელგიური ვაფლი ერთ-ერთ ყველაზე გემრიელ ტკბილეულადაა აღიარებული, ვანილის ნაყინით და ცოცხალი მარწყვით. არ დაგავიწყდეთ შოკოლადის გასინჯვაც, ის ლამის ყოველი ფეხის ნაბიჯზე იყიდება. ამ საოცარ ქალაქში შოკოლადების ქუჩაც აქვთ, სადაც ქუჩის ორივე მხარეს ხელით დამზადებული შოკოლადები იყიდება. არ გამოტოვოთ ნამდვილი, ბელგიური შოკოლადის დაგემოვნების შესაძლებლობა.
რა არ უნდა გამოგრჩეთ ბრიუგეში მოგზაურობისას:
● Basilica of the Holy Blood
ბაზილიკა აშენდა მე-12 საუკუნეში, მდებარეობს ბრუგის მოედანზე და შედგება ქვედა და ზედა სამლოცველოებისგან. ცნობილია იმით, რომ აქ ინახება ჭურჭელი იესო ქრისტეს სისხლით გაჟღენთილი ქსოვილით, რომელიც ქალაქში მე-12 საუკუნეში, მეორე ჯვაროსნული ომის შემდეგ ჩამოიტანეს. მიუხედავად იმისა, რომ ბიბლია არ ახსენებს ქრისტეს შენახულ სისხლს, არაკანონიკური სახარება ამტკიცებს, რომ შენახულია სისხლი, რომელიც გარდაცვლილ ქრისტეს მობანეს სხეულიდან.
● MARKT
ქალაქის ტურისტული ნაწილის ცენტრალური ქუჩა, მდებარეობს ქალაქის ცენტრში და თითქმის 1 ჰექტარს მოიცავს. 1995 წელს ის განაახლეს და აკრძალეს სატრანსპორტო მოძრაობა, რაც განაპირობებს ქუჩაში მოძრავ, უამრავ ბედნიერ ადამიანს. აქვეა ბევრი ცნობილი ბრენდის საფირმო მაღაზიები.
● Church of Our Lady
თარიღდება დაახლოებით მე-13 საუკუნით. მისი კოშკის სიმაღლე 122.3 მეტრს აღწევს. იგი ქალაქის ყველაზე მაღალი და მსოფლიოში მეორე ყველაზე მაღალი აგურით ნაგები შენობაა (ყველაზე მაღალი გერმანიაში წმ. მარტინის ეკლესიაა).
●Groeningemuseum
ქალაქის მუნიციპალური მუზეუმი მოიცავს ექვსი საუკუნის ფლანდრიული და ბელგიური ფერწერის ტილოებს. აქ წარმოდგენილია ფლანდრიული პრიმიტიული ხელოვნების კოლექცია, ბაროკოსა და რენესანსის ოსტატების ფართო სპექტრი და თანამედროვე შედევრები.
● Provinciaal Hof
შენობა მე-12 საუკუნით თარიღდება, ააშენეს როგორც ბრიუგეს პორტის ცენტრალური ადგილი, თუმცა, მოგვიანებით, გამოიყენებოდა, როგორც სამთავრობო შეხვედრების ადგილი, ამჟამად იქ საზეიმო ღონისძიებები ეწყობა.
●Beguinage
ულამაზესი არქიტექტურული კომპლექსი.
●Belfry of Bruges
შუასაუკუნეების სამრეკლო ბრიუგეს ცენტრში. ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმბოლო. სამრეკლო ადრე ემსახურებოდა სადამკვირვებლო პოსტს ხანძრისა და სხვა საშიშროების თავიდან ასაცილებლად. კოშკის ზარები რეგულარულად აცხადებენ საათს, აფრთხილებენ ქალაქში მაცხოვრებლებს ცეცხლის შესახებ, აგრეთვე სხვადასხვა პოლიტიკური, სოციალური თუ რელიგიური მოვლენის შესახებ.
შენობას ცენტრალური ადგილი უკავია 2008 წელს გადაღებულ ფილმში,,In Bruges’’.
● Boudewijn Seapark
პარკი ზღვის ცხოვრების შესახებ დელფინებით, ველური მდინარით და ატრაქციონებით.
●The Kruispoort
ბრიუგეს ქალაქის შემორჩენილი 4 ჭიშკრიდან, ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული ჭიშკარი. აშენებული მე-15 საუკუნეში.
● Bruges City Hall
ბრიუგეს მერია მთელს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ძველი მერიის შენობაა.
●Old St. John's Hospital
მე-11 საუკუნის ჰოსპიტალი ევროპის უძველესი საავადმყოფოს შენობაა. დღესდღეობით მის ერთ ნაწილში სამედიცინო ინსტრუმენტების მუზეუმია განთავსებული.
ბრიუგეში თითქმის ყველა შენობას თავისი ისტორია აქვს, თითოეული განსკუთრებული არქიტექტურული ნაგებობაა, კედლებიდან გიმზერენ ქანდაკებები, თითქოს ამ ქალაქში მთავრდება დღევანდელობა და შეაბიჯებ ისტორიაში. მთელი ქალაქი, მართლაც, ისტორიაა და შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. დადიხართ ქვაფენილიან ვიწრო ქუჩებში და ხვდებით, რომ ბრიუგეში ემოციების შემგროვებელი ხდებით. აუცილებლად იმოგზაურეთ ამ არაჩვეულებრივ ქალაქში, თუკი გინდათ, რომ დროებით სიზმარში აღმოჩნდეთ.
ხატია გიგოლაშვილი