თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. მერაბ აბრამიშვილის ორი სურათი — "ირმები" და "მფარველი ანგელოზი" Chrictie's აუქციონზე გაიყიდა, რომელიც ლონდონში 5 ივნისს გაიმართა.
ტილო "ირმები" საწყის ფასად — 6000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. ნახატი "მფარველი ანგელოზი" გაიყიდა 16250 გირვანქად, როდესაც საწყისი ფასი 8000 გირვანქა იყო (დაახლოებით 21 000 დოლარი).
ქართველი მხატვრის ნამუშევრები წარმოდგენილი იყო კატეგორიაში "რუსული ხელოვნება" (Russian Art).
მერაბ აბრამიშვილი (1957–2006) თანამედროვე ქართული ხელოვნების გამორჩეული წარმომადგენელია. მისი სტილი, რომელიც ქართული კულტურული მემკვიდრეობის, კერძოდ, ქართული ფრესკების თანამედროვე ტრანსფორმაციის უჩვეულო მაგალითს წარმოადგენს, განსაკუთრებულ მოვლენად აღიქმება არა მხოლოდ ქართული ხელოვნების ფონზე, არამედ თანამედროვე მსოფლიოს ხელოვნების სივრცეშიც, რასაც ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ამ მხატვარმა უკვე მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა საერთაშორისო ხელოვნების ბაზარზე.
2013–2014 წლებში მისი ნამუშევრები წარმატებით მონაწილეობდა ლონდონის "სოთბის" სააუქციონო სახლის მიერ გამართულ გამოფენებზე "გზაჯვარედინზე 1. შუა აზიისა და კავკასიის თანამედროვე ხელოვნება" და "გზაჯვარედინზე 2. სტამბულიდან ქაბულამდე", ასევე "სოთბის" 2014–2015 წელს გამართულ სხვადასხვა აუქციონებზე. მხატვრის ნამუშევრების დიდი ნაწილი საქართველოს და უცხოეთის კერძო კოლექციებშია დაცული.