სპეციალისტები მტკვრის დაბინძურების დონეს სწავლობენ

გამოწერა
წყლის სინჯები მტკვრისა და მისი შენაკადების რამდენიმე ადგილას აიღეს.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მტკვრის დაბინძურების დონეს ამოწმებენ, იუწყება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.

„სააგენტოს ექსპრეს ლაბორატორიით სპეციალისტებმა მდინარე მტკვარზე წყლის სინჯები აიღეს, ადგილზე ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები განისაზღვრა. ორგანული და არაორგანული დამაბინძურებლები, მძიმე ლითონები სააგენტოს ლაბორატორიაში შემოწმდება, რომლის შედეგებიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი“, — აღნიშნულია განცხადებაში. 

მტკვრის სანაპირო - Sputnik საქართველო
სპეციალისტებმა მტკვრის დაბინძურების მთავარი მიზეზები დაასახელეს

გარემოს ეროვნული სააგენტო მდინარე მტკვრის მონიტორინგს 14 წერტილში ახორციელებს, ხოლო  შენაკადებზე — 17 წერტილში.

მტკვარი საქართველოს უმთავრესი მდინარეა. მისი აუზი მოიცავს ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთს, მთელ ცენტრალურ და აღმოსავლეთ საქართველოს, თითქმის მთელ აზერბაიჯანს, მთელ სომხეთს და ჩრდილო-დასავლეთ ირანს.

მტკვრის აუზის საერთო ფართობი 188 000 კვადრატული კილომეტრია; მდინარის მთლიანი სიგრძე 1515 კილომეტრს შეადგენს. საქართველოს ტერიტორიაზე მტკვრის სიგრძე 390 კილომეტრია. საქართველო წყლის რესურსების სიუხვით ევროპაში მე-3 ადგილზეა. საქართველოს ტერიტორიაზე 26000-ზე მეტი სხვადასხვა სიდიდის მდინარე მიედინება, რომელთა საერთო სიგრძე 60000 კილომეტრს აღწევს.

მტკვრის წყალი მღვრიეა. მდინარე ძირითადად ბინძურდება ნავთობპროდუქტებით, ფენოლებით, მძიმე ლითონების იონებით, განსაკუთრებით თბილისის და რუსთავის ტერიტორიაზე. დაბინძურების მიუხედავად, მტკვარში რამდენიმე სახეობის თევზი ბინადრობს.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0