თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. ელდარ რიაზანოვის სახელობის მარათონი, რომლის დროს ცნობილი რუსი კინორეჟისორის საყოველთაოდ აღიარებულ ფილმებს აჩვენებენ, საქართველოში პირველად გაიმართება.
ღონისძიება რიაზანოვის დაბადებიდან 90 წლის იუბილეს ეძღვნება. მარათონის ინიციატორი და ორგანიზატორია საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „რუსკი კლუბი“ და რუსული საზოგადოება „როდნიკი“.
„ფესტივალის მიზანი და დანიშნულებაა — გამოჩენილი რეჟისორის გახსენება, რომლის სახელი ყოველთვის უზარმაზარ გამაერთიანებელ ძალას წარმოადგენდა და ასაკის, სქესის, ეროვნებისა და აღმსარებლობის მიუხედავად, მილიონობით ადამიანს აერთიანებდა. რიაზანოვის ფილმები — ყველაზე დიდი სახალხო დიპლომატიაა, რაც კი შეიძლება არსებობდეს“, — განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ ორგანიზატორებმა.
ღონისძიება სტარტს რუსთავში, 4 ივნისს აიღებს, სადაც „რუსკი კლუბი“ და „როდნიკი“ მაყურებელს წარუდგენენ მაესტრო რიაზანოვის ისეთ ფილმებს, როგორებიცაა „საკარნავალო ღამე“, „ჰუსარული ბალადა“, „სასტიკი რომანსი“, „დავიწყებული მელოდია ფლეიტისათვის“, „ავტოფარეხი“, „ბებერი ყაჩაღები“ და „ანდერსენი. სიცოცხლე უსიყვარულოდ“.
ჩვენებები მთელი კვირის განმავლობაში (11 ივნისამდე) თეატრალურ სტუდია „სარკეში“გაგრძელდება, რომელიც მდებარეობს სააკაძის 3-ში. შესვლა თავისუფალია.
თბილისის პარკ „მზიურში“ მარათონის ფარგლებში გაიმართება ფილმ „ავტოფარეხის“ ჩვენება, სადაც თბილისელები 17 ივნისს ნახავენ რეჟისორის ერთ-ერთ ბოლო ნამუშევარს — ფილმს Старые клячи. კომედიაში მთავარი როლები შეასრულეს ლია ახეჯაკოვამ, ლიუდმილა გურჩენკომ, სვეტლანა კრიუჩკოვამ და ირინა კუპჩენკომ.
რუსთავსა და თბილისში გამართული ჩვენებების შემდეგ რიაზანოვის საიუბილეო მარათონი საქართველოს სხვა ქალაქებში გაგრძელდება. კინოსეანსები დაგეგმილია ფოთში, ბათუმსა და ქუთაისში. ინფორმაციას კინოსეანსების დროსა და ადგილის შესახებ ორგანიზატორები მოგვიანებით გაასაჯაროვებენ.
რიაზანოვის მარათონი რეჟისორისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტით დასრულდება, რომელიც ა. გრიბოედოვის სახელობის თბილისის დრამატული თეატრის დიდ დარბაზში გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქართული თეატრისა და ესტრადის წარმომადგენლები. საღამოს პროგრამაშია — რიაზანოვის ფილმებიდან მუსიკალური კომპოზიციები, მისი ლექსები და რეჟისორის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი დოკუმენტური მასალები.
თბილისში გალა-კონცერტის საპატიო სტუმრის სტატუსით კინორეჟისორის ქვრივს — ემა აბაიდულინას ელოდებიან.