ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა რევაზ არველაძემ "Sputnik-საქართველოსთან" საქველმოქმედო პროგრამა "საფეხბურთო თერაპიის" პირველი წლის მუშაობაზე ისაუბრა.
საქველმოქმედო პროგრამა "საფეხბურთო თერაპია", რომელიც ცნობილი ქართველი ფეხბურთელების — ძმები არველაძეების ინიციატივით შეიქმნა, უკვე წელიწადია მუშაობს და ამ დროში საკმაოდ დიდი სამუშაოებიც ჩატარდა. პროგრამის მიზანი, რომელსაც ახორციელებს არველაძეების საქველმოქმედო ფონდი "Arveladze Foundation", იძულებით გადასახლებულთა დასახლებებსა და საქართველოს პრობლემური რეგიონების ადგილებში ბავშვთა საფეხბურთო გუნდების ჩამოყალიბება და საფეხბურთო ლიგების ოგრანიზებაა.
"საფეხბურთო თერაპიის ერთი წლის იუბილე, ამ არაჩვეულებრივი პროექტის, რომელიც ძალიან კარგად მიდის, რომელშიც ხუთასი ბავშვია ჩართული, რომელიც საქართველოს ძალიან ბევრ რეგიონს მოიცავს. დღეს ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ აქ, ამ ადამიანების დახმარებით, ამ ბრწყინვალე ადგილას — შატო-მუხრანში ვართ შეკრებილები და ბავშვთა საერთაშორისო დღესთან ერთად ვზეიმობთ ამ დღეს და გვიხარია, თუ თითოეულ ბავშვს შეგვიძლია გავუხალისოთ დღევანდელი დღე", — "Sputnik-საქართველოსთან" საუბარში განაცხადა რევაზ არველაძემ.
ამ ეტაპზე პროექტს აქტიურად უჭერს მხარს გაერო, გაეროს იძულებით გადაადგილებულთა საქმის უზენაესი კომისარის სამმართველო, ასევე სხვადასხვა ქვეყნების საელჩოები საქართველოში და წარსულში ცნობილი ფეხბურთელები. რევაზ არველაძის თქმით, მომავალში რომელიმე ბავშვი პროფესიონალი ფეხბურთელი გამოვა, თუმცა "საფეხბურთო თერაპიის" მთავარი იდეა ეს არ არის.