თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, კახი კახიშვილის ბრძანებით, დახურული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში არამწეველი და მწეველი პატიმრები სხვადასხვა საკნებში მოთავსდებიან.
მაისის ბოლოს საქართველოს პარლამენტმა თამბაქოს წინააღმდეგ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა და ყველა უწყებას დაწესებულებებში მოწევის საკითხის დარეგულირება დაავალა. აკრძალვა არ შეეხება პატიმრებს, თუმცა კანონი მწეველთა და არამწეველთა ცალ–ცალკე განთავსებას ითვალისწინებს.
"განხორციელებული ცვლილებების მიზანი თამბაქოს მავნე ზემოქმედებისგან თავის არიდებაა", — ნათქვამია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
აქტიური ბრძოლა თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ საქართველოში 2016 წელს დაიწყო. საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის მონაცემებით, ქვეყანაში მოსახლეობის 33% მწეველია.
ამჟამად საქართველოში მოწევა დაშვებულია მრავალ საზოგადოებრივ ადგილას, გარდა სახელმწიფო დაწესებულებების, სკოლების, საბავშვო ბაღების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის (მატარებლების და კატარღების გარდა), თეატრების, მუზეუმების, საავადმყოფოებისა და პოლიკლინიკებისა. გარდა ამისა, აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის არასრულწლოვანთათვის მოყიდვა.
კანონი, რომელიც 2018 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში, ითვალისწინებს მოწევის სრულ აკრძალვას საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა ადგილას. გამონაკლისს წარმოადგენს ბარების და რესტორნების ღია ვერანდები და ტერასები, ქუჩა, სამორინე, საპატიმრო დაწესებულებები, ფსიქიატრიული დაწესებულებები და სიგარა-ბარები.
2020 წლის 1 იანვრამდე მოწევა დაშვებულია იქნება ღია სტადიონებზე და სასტუმროების ნომრებში, რომლებიც მწეველთათვის არის განკუთვნილი. ამ თარიღის შემდეგ სრული აკრძალვა ამოქმედდება.