თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური ვაჟა-ფშაველას გამზირზე გამყოფ ხაზზე განთავსებული ხეივნის მოწყობის სამუშაოებს აწარმოებს.
ერთი კილომეტრი სიგრძის ტერიტორიაზე მოეწყობა საზაფხულო ფურნიტურები, დაიდგმება სკამები, მოეწყობა სასეირნო ბილიკები, საბავშვო გასართობი ატრაქციონები.
გარდა ამისა, დაგეგმილია არსებული ხეების სხვლა-ფორმირება. მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაიგება რულონური გაზონი და დაირგვება 5800 ძირი დეკორატიული ბუჩქი.
ასევე აღდგება განათების სისტემა, დამონტაჟდება ლამპიონები.
ხეივნის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის აგვისტოს თვის პირველ ნახევარში დასრულდება.
ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური თბილისის მასშტაბით სარეკრეაციო ზონების მოწყობის აქტიურ სამუშაოებს ასრულებს. სამსახურმა მაისში დაასრულა სააკაძის მოედანზე გამწვანებული ტერიტორიის აღდგენისა და მოწყობის სამუშაოები, ასევე ვაჟა-ფშაველას ძეგლთან. გამწვანების სამუშაოები თბილისის სხვადასხვა უბანში ტარდება.