თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. გმირთა მოედანზე, თბილისის ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
სამუშაოების ფარგლებში გაკეთდა მწვანე საფარი, მოეწყო ბილიკები და ბორდიურები, შეიცვალა განათების სისტემა, დარგულია სხვადასხვა სახეობის მცენარეები. სკვერი ადაპტირებულია შშმ პირთათვის.
პროექტის ფარგლებში ასევე განახლდა გმირთა მოედნის ესტაკადაზე განთავსებული საყვავილე ქოთნები, ნათქვამია ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის განცხადებაში.
ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური თბილისის მასშტაბით სარეკრეაციო ზონების მოწყობის აქტიურ სამუშაოებს ატარებს. მაისში სამსახურმა სააკაძის მოედანზე და ვაჟა ფშაველას ძეგლთან დაასრულა გამწვანებული ტერიტორიის განახლებისა და მოწყობის სამუშაოები.
გამწვანების სამუშაოები ქალაქის სხვადასხვა უბნებში ტარდება.