თბილისი, 31 მაისი — Sputnik. ქალაქ ანაკლიის პროექტს, რომელიც მომავალი ღრმაწყლოვანი პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდება, კომპანია "ანაკლია სიტი" განახორციელებს, წერს გაზეთი "რეზონანსი".
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ხელისუფლების ყველაზე მასშტაბური პროექტია. ცნობილია, რომ მშენებლობის პირველ ფაზაზე 586 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. მარტის დასაწყისში კომპანია "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" პორტის განვითარების გენერალური გეგმა წარმოადგინა, რომელიც 50 წელზეა გათვლილი.
"ქალაქი ანაკლია — ეს არის მომავლის ქალაქი, რომლის განვითარების მთავარი მიზანია – ჩავებათ გლობალურ კონკურენციაში, შევქმნათ ეკოლოგიურად სუფთა და ეკონომიკურად მიმზიდველი, წამყვანი ბიზნეს- და საცხოვრებელი გარემო თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და საუკეთესო მდებარეობით. ჩვენ საუკუნის პროექტისთვის გამორჩეული პროფესიონალების გუნდს ვაყალიბებთ", — განაცხადა TBC Holding-ის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.
"ანაკლია სიტის" აღმასრულებელი დირექტორი ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი გახდა, რომელმაც ძველი პოსტი ორშაბათს დატოვა.
"ანაკლია გახდება თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მწვანე ეკონომიკის პრინციპებზე დაფუძნებული სატელიტური ქალაქი", — დაწერა ბოჭორიშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
ქალაქი ანაკლია, რომელიც რეგიონში უმნიშვნელოვანეს ბიზნეს-ცენტრად უნდა ჩამოყალიბდეს, 1000 ჰა ფართობზე გაშენდება. ქალაქი ინდუსტრიული პარკის სახეს მიიღებს, სადაც გაშენდება საცხოვრებელი კომპლექსები, გამოიყოფა საგანმანათლებლო ტერიტორია, საოფისე ფართები, მოეწყობა რეკრეაციული და გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, საგამოფენო სივრცეები და პავილიონები.
პორტისა და ქალაქის აშენება ანაკლიაში მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს იგეგმებოდა, რომელსაც ექს-პრეზიდენტის სურვილით ლაზიკა უნდა დარქმეოდა.
ქვეყანაში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" აღნიშნული პროექტი არამიზანშეწონილად ჩათვალა, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ გადაწყვეტილება კვლავ შეცვალა.