თბილისი, 31 მაისი — Sputnik. საქართველოში ოთხშაბათს დაიწყო მეათე მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში 20 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში (U-20).
გახსნის მატჩში თბილისის სტადიონ "ავჭალაზე" მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ამ ასაკობრივ კატეგორიაში ინგლისის გუნდი სამოას შეხვდა. გუნდები А ჯგუფში გამოდიან.
ინგლისის გუნდმა თავისი უპირატესობა უკვე პირველივე ტაიმში გამოავლინა – შესვენებაზე გუნდები გავიდნენ ანგარიშით 43:3.
მეორე ტაიმიც პირველისგან დიდად არ განსხვავდებოდა. როდესაც ანგარიში 60:3 იყო, ბრიტანელებმა თავს ოდნავ მოდუნების ნება მისცეს და სამოელმა ახალგაზრდებმა მცირედ წინ წაიწიეს.
საბოლოოდ, მატჩი 74:17 დამთავრდა ინგლისელების სასარგებლოდ.
თბილისში გამართული მატჩის პარალელურად თამაში გაიმართა ქუთაისშიც, სადაც ახალი ზელანდიის ნაკრები შოტლანდიელებს შეხვდა.
"აიას" სტადიონზე თამაში უფრო ჰგავდა ბრძოლას, ვიდრე მატჩი თბილისში. ახალზელანდიელების კლასი უფრო მაღალი აღმოჩნდა და მათ დამსახურებულად გაიმარჯვეს – 42:20.
საქართველოს ნაკრები, რომელიც С ჯგუფში გამოდის, პირველ შერკინებას "ავჭალის" სტადიონზე ამ წუთებში (მატჩი 18:00 საათზე დაიწყო) არგენტინის წინააღმდეგ ატარებს.
მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში U-20 18 ივნისამდე გაგრძელდება.