თბილისი, 31 მაისი — Sputnik. საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (63) სამ სეტში ანგარიშით 7:6, 7:6, 7:6 სერბ ვიქტორ ტროიცკის მოუგო (35) და "დიდი სლემის" სერიის "როლან გაროსის" ტურნირის მესამე წრეში გადავიდა.
მატჩი, რომელიც ორსაათნახევარს გაგრძელდა, თითქმის თანასწორ ბრძოლაში წარიმართა, რასაც სამი ტაი-ბრეიკი მოწმობს.
უნდა აღინიშნოს, რომ პროგნოზებში ბუკმეკერებიც არ შემცდარან, რომლებიც შეხვედრის დაწყებამდე მცირე უპირატესობას ბასილაშვილს ანიჭებდნენ.
ორივე ჩოგბურთელმა მშვენივრად გამოიყენა თავისი პირველი ჩაწოდება, მაგრამ ქართველმა ამ კომპონენტში მაინც აჯობა მეტოქეს. ტროიცკიმ 14 ეისი განახორციელა, მაგრამ ამავე დროს შვიდი ორმაგი შეცდომა დაუშვა.
ბასილაშვილს კი სულ ორი ეისი ჰქონდა, მაგრამ პირველი ბურთით მოხვედრის პროცენტი 91 იყო.
შედეგად ჩოგბურთელებმა მეტოქის ჩაწოდების აღება ოთხჯერ შეძლეს, მაგრამ ბასილაშვილს 14 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, ტროიცკის კი – შვიდი.
მესამე რაუნდში გასვლით ქართველი სპორტსმენი 90 სარეიტინგო ქულას და 118000 ევროს მიიღებს.
ბასილაშვილი თავისი კარიერის განმავლობაში "როლან გაროსის" მესამე რაუნდში პირველად ითამაშებს. ანალოგიურ სტადიამდე ის "დიდი სლემის" სხვა ტურნირზე — "უიმბლდონზე" მივიდა, სადაც 2015 წელს რობერტო აგუგს სამ პარტიაში დაუთმო.
თუმცა, პარიზის კორტებზე სატურნირო ბადეზე გასვლა ბასილაშვილისთვის ძალიან რთული იქნება, რადგან მისი შემდეგი მეტოქე "როლან გაროსის" ცხრაგზის გამარჯვებული რაფაელ ნადალია, რომელმაც რობინ ჰაასეს წინააღმდეგობა სამ სეტში უპრობლემოდ გატეხა.
"როლან გაროსი" – "დიდი სლემის" სერიიდან სეზონის მეორე ტურნირია. მისი საპრიზო ფონდი 16 მილიონ 790000 ევროს შეადგენს, მოქმედი ჩემპიონია სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი.