თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი შეიძენს ავიასიმულატორებს, შექმნის შესაბამის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და პირველად დაიწყებს შვეულმფრენების პილოტებისა და ავიატექნიკოსების ტექნიკურ მომზადებას, ნათქვამია საქართველოს განათლების სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი 2017 წლის სექტემბრიდან განახორციელებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს შემდეგი განახლებული სასწავლო მიმართულებით: კომერციული პილოტი, საჰაერო ხომალდების და საავიაციო ძრავების მომსახურების ავიატექნიკოსი და საჰაერო ხომალდების ავიონიკის მომსახურების ავიატექნიკოსი.
მასწავლებლები და ინსტრუქტორები გადამზადდებიან ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) რეგულაციების მოთხოვნების შესაბამისად.
„საქართველოს სამოქალაქო ავიაციის პროფესიული TVET პროგრამების განვითარება" პროექტის ფარგლებში საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით კონფერენცია გამართა, სადაც საუბარი იყო სიახლეებსა და განახლებულ სასწავლო პროგრამებზე.
კონფერენციის მიზანს სამოქალაქო ავიაციის პროგრამების განვითარება და ბიზნეს სექტორისთვის პროფესიულ განათლებაში ჩართულობის შესაძლებლობების გაცნობა წარმოადგენდა.
1992 წელს სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნა საავიაციო სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი, ხოლო 2005 წელს ის საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი გახდა. უნივერსიტეტი მაღალკვალიფიციურ პილოტებს ამზადებს. აქ სწავლობენ ქართველი და უცხოელი სტუდენტები.
მომავალი პროფესიონალი პილოტების პრაქტიკული მომზადების მიზნით, უნივერსიტეტს თელავში აქვს აეროპორტი, რომელიც თანამედროვე ინფრასტრუქტურით და ტექნიკით, ასევე თვითმფრინავებით არის აღჭურვილი.