გათხოვდე ქართველზე: ბას-გიტარისტმა ნიკ უესტმა საქმრო საქართველოში შეარჩია

© FB / Nikoloz Kandelakiნიკოლოზ კანდელაკი და ნიკ უესტი
ნიკოლოზ კანდელაკი და ნიკ უესტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიკოლოზ კანდელაკმა ამერიკელ ვოკალისტსა და ბას-გიტარისტ ნიკ უესტს ხელი პირდაპირ სცენაზე სთხოვა.

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. ცნობილი ამერიკელი ვოკალისტი და ბას-გიტარისტი ნიკ უესტი ქართველზე თხოვდება — ვარსკვლავის რჩეული ახალგაზრდა ნიკოლოზ (ნიკუშა) კანდელაკია.

ნიკოლოზი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილის, კომპანია Eastern Promotion-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, კახა კანდელაკის შვილია.

ნიკოლოზ კანდელაკმა უმაღლესი განათლება უცხოეთში მიიღო. მან ბიზნესისა და ფინანსების ბაკალავრის დიპლომი ლონდონში მიიღო, ხოლო მუსიკალურ ინდუსტრიაში სახვითი ხელოვნების მაგისტრის დიპლომი — ლოს-ანჯელესში.

ნიკოლოზი არის Black Sea Jazz Festival-ის მარკეტინგ-მენეჯერი და თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონია) მარკეტინგ-დირექტორი, ასევე მუშაობს კომპანია Eastern Promotion-ში. ის ლოს-ანჯელესში ცხოვრობს.

ნიკოლოზ კანდელაკმა ნიკ უესტს ხელი ატლანტაში, ჯაზ-ფესტივალზე გამოსვლისას სთხოვა. პირდაპირ სცენაზე ის ჩაიმუხლა და შეყვარებულს ბეჭედი მიაწოდა. ნიკმა თანხმობა განაცხადა და ბეჭედი მიიღო.

უესტის კონცერტზე მისული მსმენელი ემოციურ მომენტს ტელეფონის კამერებით იღებდა.

 

ამერიკელ შემსრულებელს, კომპოზიტორსა და ფანკ ბას-გიტარისტს, ნიკ უესტს უწოდებენ „ლენი კრავიცს კაბაში". ნიკი ბუნებით ძალზე ექსტრავაგანტულია — მას ფერადი „იროკეზი" და ექსცენტრული სამოსი აქვს. ის მუშაობდა პრინცთან, დევიდ სტიუარტთან და გლენ ბალარდთან.

კანდელაკი უესტმა ორი წლის წინ საქართველოში გაიცნო. აი, რას წერს Instagram-ში თავის გვერდზე გოგონა საქმროს შესახებ:

„ეს ჩემი ცხოვრების გეგმაში არასდროს შედიოდა… მომწონს ჩემი თავისუფლება და მომწონს ჩემი ფრთები. მე ვარ პეპელა ვალდებულებების გარეშე, მე ვხტები პარაშუტიდან, ვუკრავ ბას-გიტარაზე, ვრისკავ და შედეგებზე მოგვიანებით ვფიქრობ. ქორწინება ჩემი მიზანი არ ყოფილა. მაგრამ ეს ადამიანი მოვიდა და არასდროს უცდია ჩემი შეცვლა. ის ხტება ჩემთან ერთად, ცურავს ჩემთან ერთად, შეშინებული არ არის ჩემი თავდაჯერებულობით, ჩემი კარიერითა და ჩემი სიგიჟით (დიახ, ვამბობ, რომ გიჟი, შეშლილი ვარ და მიყვარს ეს!). ის მთლიანად იღებს ჩემს "მეს" და ეს მაიძულებს, თავი დაცულად და საყვარელ ადამიანად ვიგრძნო".

ხელის თხოვნა ბათუმურად - ვიდეოკლუბი - Sputnik საქართველო
ქრისტო, ცოლად გამომყვები? ანუ ხელის თხოვნა ბათუმურად

ნიკი დაიბადა არიზონას შტატის დედაქალაქ ფენიქსში. როცა 13 წლისა გახდა, გიტარაზე დაკვრა მამამ ასწავლა. პატარა ნიკი ბავშვობიდან მუსიკის გარემოში ცხოვრობდა: მას ოთხი და ჰყავს და თითოეული რომელიმე ინსტრუმენტზე უკრავდა — კლავიშიანზე, დასარტყამზე, ვიოლინოზე და გიტარაზე. მათ საკუთარი კოლექტივი შექმნეს, მოგვიანებით მათ უფროსი ძმა შეუერთდა. თავდაპირველად ნიკ უესტი ექვსსიმიან გიტარაზე უკრავდა, შემდეგ კი ბას-გიტარაზე დაკვრა გადაწყვიტა.

დღეს ნიკ უესტი — მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ბას-გიტარისტია. მან ისეთი მუსიკოსების აღიარება მოიპოვა, როგორებიცაა დევიდ სტიუარტი Eurythmics-დან, პრინსი, ჯონ მეიერი და სტივენ ტაილერი Aerosmith-იდან. სტივენ ტაილერზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ნიკ უესტის მიერ შექმნილი ჯგუფ AC/DC-ის ჰიტის Back to Black-ის ქავერ-ვერსიამ, სადაც მან აჩვენა, რომ ის, როგორც ბას-გიტარისტი, ფანკ-სტილს მშვენივრად გრძნობს, და ასევე ის შესანიშნავი ვოკალისტია.

 

ყველა ახალი ამბავი
0